მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. მეზვრიშვილი გადაწყვეტილების შესახებ facebook-ის პირად გვერდზე წერს, თუმცა მიზეზების შესახებ არ საუბრობს.
„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.
გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“,- წერს მეზვრიშვილი.
ნათია მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის გიორგი გახარიას მოადგილე იყო შს სამინისტროში.
2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.
ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.