საქართველოს მთავრობა არასტანდარტული – მცირე ზომის და დაზიანებული ვაშლის სუბსიდირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ფერმერს ერთ კილო ვაშლში 22 თეთრს გადაუხდიან, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება.
“ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ არცერთი გრამი პროდუქტი ჩვენი ფერმერების წარმოებული დაუბინავებელი არ დაგვრჩეს… წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საგრძნობლად დაეცა… ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება ვაშლის დაბინავებაში, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 10 თეთრს მიიღებს,” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობა წელს რთვლის სუბსიდირებასაც აპირებს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარი უკვე გამოიყო. სუბსიდირება მხოლოდ ყურძნის 2 ჯიშზე – რქაწითელსა და კახურ მწვანეზე გავრცელდება.
წლევანდელ რთველში სახელმწიფო სუბსიდიას ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 1000 ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავებას შეძლებენ. 1 კგ შესყიდულ ყურძენზე ისინი სახელმწიფოსგან 30 თეთრს მიიღებენ – იმ პირობით, რომ ისინი გლეხებისგან 1 კგ რქაწითელს და კახურ მწვანეს მინიმუმ 80 თეთრად შეისყიდიან.