მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, ოპოზიციაში მძაფრი რეაქციები მოჰყვა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას მოლაპარაკების და საერთო მაგიდასთან დასხდომის შესახებ, ოპოზიციაში მძაფრი რეაქციები მოჰყვა.
● მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
გრიგოლ ვაშაძემ დღეს, სააგენტო „ნიუსპოსტზე“ განცხადება გამოაქვეყნა.
ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, რომ სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად” – ეწერა განცხადებაში.
მოგვიანებით, ენმ-ისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები ვაშაძის განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ.
“ჩვენი პოზიცია მკაფიოა, დანარჩენი არის ხელისუფლებაზე, რომელიც ჯერჯერობით ამ ყველაფერს მხოლოდ ძალადობით პასუხობს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება უნდა იყოს, რადგან კრიზისი სწორედ არჩევნების შედეგების გაყალბებამ შექმნა.
“დიალოგი აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია. პირდაპირ გეტვით, დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ დიალოგისას ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ, რადგან ეს კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მოცემულობა ასეთია – დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება აბუჩად არის აგდებული! “ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიების მიმართ ქედმაღლური ლაპარაკი, კრიზისს აღრმავებს და ეს უნდა დასრულდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.
“სამწუხაროდ, ეს არ იყო საუკეთესო განცხადება – არავინ არ ვიყავით საქმის კურსში”, – თქვა “ლელოს” ოფისიდან გამოსულმა ნიკა მელიამ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.
ნიკა მელია: სამწუხაროდ, არ იყო ეს განცხადება საუკეთესო განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშულებას იძლევა და ამიტომ არ არის ეს განცხადება საუკეთესო. თან არავინ არ ვიყავით საქმის კურსში. მაგრამ ის გეგმები, ის მიზანი, რომელიც დღეს ხალხს აქვს გაცხადებული და ჩვენ წარმომადგენლები ვართ ამ საზოგადოების, ეს საერთო გეგმა არის არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი, ახალი არჩევნები ქვეყანაში
უფრო რადიკალური იყო “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბო-ხონი-ვანში, ნანუკა ჟორჟოლიანი.
“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!” – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რამენიმე საათის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება განმარტა და დაწერა:
დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო.
მას დაეთანხმა ქვყენის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია და ოპოზიცია შაბათის აქციისთვის ემზადება.