მსოფლიო ბანკმა საქართველოს 500 სასუნთქი აპარატი და სხვა სამედიცინო ტექნიკა გადასცა
კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ბანკმა საქართველოს სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო ტექნიკა გადასცა.
სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია იმ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებიც სუნთქვის უკმარისობით გართულებულ მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მოწყობილობების გამოყენება ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია.
“გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში, თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პანდემიასთან ბრძოლისთვის ქართველ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა:
“რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე” – თქვა სებასტიან მოლინეუსმა.
____________________________
● ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება
● საქართველო გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. რა იცვლება
● კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, სავარაუდოდ, მარტში შემოვა