ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევრო გრანტის სახით გამოუყო. დახმარება განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, 60 მილიონი ევროს გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა. დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი ტრანში იმ 75 მილიონი ევროდან {დაახლოებით 300 მილიონი ლარი}, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში.
აღნიშნული თანხა კორონავირუსის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული
“ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა”, – აცხადებს ჰარცელი.
____________________________
● კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველო ევროკავშირისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
____________________________
რაც შეეხება დანარჩენ თანხას, თანხა გამოიყოფა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასება, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.
“გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.