"მოსკოვი ამ გზით მიაღწევს იმას, რომ სომხეთი რუსეთის ინტეგრაციული სტრუქტურებიდან გავა“ — რეაქცია СВР-ის განცხადებაზე
SVR სომხეთში ეკონომიკური კრიზისის შესახებ და ერევნის პასუხი
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) განცხადებით, ბრიუსელში აცნობიერებენ, რომ სომხეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, თუ ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (EAEU) დატოვებს.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და ყირგიზეთი.
SVR-ის განცხადებით, “ბრიუსელს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ კავშირის წევრი ქვეყნები გააგრძელებენ ერევნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერას და დააფინანსებენ მის მარათონულ სვლას ევროკავშირისკენ“.
ეს განცხადება რამდენიმე დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთში შესაძლო რეფერენდუმი იყო – ევროკავშირში გაწევრიანებასა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენასთან დაკავშირებით.
“ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა გაირკვეს, რომელი მიმართულებით სურთ სომხეთის მოქალაქეებს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში ფაშინიანის პოზიცია არ ყოფილა ასახული. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, ფაშინიანმა პუტინს განუმარტა:
“რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკული მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს და საკითხი რეალურად დღის წესრიგში დადგება.“
სომხურ პოლიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ მსგავსი პასუხი ერევანს მოსკოვისთვის პირველად არ გაუცია. ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კრემლის, ისე SVR-ის განცხადებები სომხეთზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.
მათი თქმით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არსებული კრიზისი კვლავ გრძელდება და ამ ეტაპზე მისი დასრულების ნიშნები არ ჩანს. ისინი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, თუ რატომ აკეთებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელით განცხადებებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და არა თავად კავშირი.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა:
“ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე რუსულ ბაზარზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის ორმხრივ სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს, და მოითხოვა შესაბამისი ზომების მიღება.“
როგორც ჩანს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაისის ბოლოს რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები იყო.
- რუსეთში გაანადგურეს ბელარუსის გავლით შეტანილი 40 ათასი სომხური ვარდი
- ფონ დერ ლაიენი ერევანში: თუ რუსეთი ბაზარს დახურავს, ევროკავშირი საკუთარ ბაზარს გახსნის
- პუტინი ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს: ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ახალი ნიშნები ჩნდება
- რუსეთის ზეწოლა სომხეთზე არჩევნებამდე: ეკონომიკა, როგორც ბერკეტი
რას აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური
SVR-ის განცხადება სათაურით – “ევროკავშირი სომხეთს აცდუნებს, მაგრამ დახმარება არ შეუძლია“ – ამტკიცებს, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში მძიმე ეკონომიკურ კრიზისს შეეჯახება.
განცხადებაში ნათქვამია:
“ევროკავშირის ინსტიტუტებიც აცნობიერებენ, რომ თავად ევროკავშირში არსებული მზარდი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ანტირუსული სანქციებისა და ევროპელი ბიუროკრატების სურვილითაა გამოწვეული, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, ბრიუსელს არ მისცემს შესაძლებლობას, ერევანს მილიარდობით დანაკარგი აუნაზღაუროს. ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ უკვე მიანიშნა, რომ არ სურს საკუთარი ბაზრების გახსნა სომხური პროდუქციისთვის ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების ხარჯზე.“
SVR ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი სომხეთის დარწმუნებას მომავალშიც გააგრძელებს.
“ბრიუსელი კონკრეტული დახმარების შეფერხებას იმით ახსნის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად ერევნისა და მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის მიხედვით გადაწყდება.“
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ევროკავშირმა ფაშინიანის მთავრობას რამდენიმე მოთხოვნაც წაუყენა, მათ შორის:
- სტრატეგიულ სექტორებში რუსული ბიზნესის გავლენის შემცირება;
- რუსეთთან ჰუმანიტარული კავშირების შეზღუდვა;
- ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგე შიდა ოპონენტების შეკავება.
SVR ასევე ამტკიცებს, რომ სომხეთის წახალისება მოხდება:
“სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივების გამოყენებითა და დაპირებებით, რომ მომავალში ქვეყანა მსოფლიოს აყვავებულ გზაჯვარედინად გადაიქცევა.“
გამოკითხვა: რას ირჩევენ სომხები
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სომხეთში ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა გააჟღერა, ადგილობრივმა ტელეარხმა Factor TV-მ გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვა ასეთი იყო:
“თუ რეფერენდუმი ამ კვირაში ჩატარდებოდა, ხმას რომელ გაერთიანებას მისცემდით – ევროკავშირს თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს?“
ტელეარხის ინფორმაციით, გამოკითხვაში უკვე 3300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
- 74% — ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს;
- 21% — ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას ემხრობა;
- 5% — პასუხი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი.
კომენტარები
პოლიტოლოგმა სამველ მელკისეტიანმა განაცხადა:
“მოსკოვის მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და სრულად ჯდება რუსეთის მრავალწლიანი პოლიტიკის ჩარჩოში. მათი მიზანია როგორც შიდა, ისე საგარეო აუდიტორიას აჩვენონ, რომ თავად მართავენ მიმდინარე პროცესებს და თითქოს ამხელენ ევროკავშირისა და დასავლეთის “ფარულ მექანიზმებს“, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენება.“
მისი თქმით, მოსკოვის რიტორიკაში სომხეთი ხშირად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაცვლად გარე ძალების გავლენის ობიექტად არის წარმოდგენილი.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ჰოვსეპ ხურშუდიანმა კი განაცხადა:
“რა კავშირი აქვს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, რომ მისი წევრი ქვეყნების სახელით აკეთებდეს განცხადებებს? არის თუ არა SVR ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრესსპიკერი? როგორ შეიძლება ბრიუსელის დადანაშაულება სომხეთის ეკონომიკის კოლაფსში, როდესაც სწორედ ევროკავშირი ცდილობს აანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც რუსეთმა სომხური პროდუქციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოიწვია?“
ხურშუდიანი ამით ევროკავშირის იმ დახმარების პროგრამებს გულისხმობს, რომლებიც რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ამოქმედდა.
მისი შეფასებით, რუსეთის მიმდინარე პოლიტიკის საბოლოო შედეგი შესაძლოა გახდეს:
- სომხეთის გასვლა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან;
- რუსი მესაზღვრეების გაყვანა სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებიდან;
- სომხეთის რკინიგზის მართვაზე რუსული კომპანიისთვის მინიჭებული კონცესიის შეწყვეტა.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სომხეთს უფრო ფართო მოქმედების შესაძლებლობა აქვს, მაშინ როდესაც რუსეთმა ზეწოლის ბერკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოწურა.