რუსეთში გაანადგურეს ბელარუსის გავლით შეტანილი 40 ათასი სომხური ვარდი
გაზიარება
გაზიარება
რუსეთში სომხური ვარდები გაანადგურეს
რუსეთის სმოლენსკის ოლქში, სახელმწიფო მარეგულირებელი სააგენტოს „როსელხოზნადზორის“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ახლად მოჭრილი ვარდების პარტია, რომელიც სომხეთიდან ბელარუსის გავლით შეჰქონდათ.
ეს დანაშაულად ჩაითვალა, რადგან რუსეთმა გაზაფხულიდან პრაქტიკულად ყველა სომხური პროდუქტის იმპორტი აკრძალა, – იტყობინება ბელორუსული გამოცემა EuroRadio.
სომხური ვარდები, რომლებიც ბელარუსის გავლით გადაიტანეს / 32.fsvps.gov.ru
მოსკოვი სომხეთიდან იმპორტის აკრძალვას „ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევით“ ხსნის. თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სომხეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკური კურსი გამოაცხადა. ამიტომ, როგორც ერევანი, ასევე ევროკავშირი, ამ ქმედებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.
რუსეთმა ადრეც გამოიყენა მსგავსი ზომები საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური უთანხმოების ეკონომიკური ანგარიშსწორება.
დოკუმენტების თანახმად, ავტომობილს, რომელიც მინსკიდან მოსკოვის ოლქში მიდიოდა, უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელები გადაჰქონდა. თუმცა, შემოწმების შედეგად სასმელების ნაცვლად 39 200 ვარდი აღმოჩნდა.
ტვირთი საჭირო თანდართული დოკუმენტების გარეშე გადაქონდათ.
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, ზოგიერთ ყუთს ჯერ კდევ ჰქონდა შერჩენილი წარწერა, რომელზეც წარმოშობის ქვეყანად სომხეთი იყო მითითებული.
ვარდები განადგურდა და გადამზიდს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
სომხეთიდან რეექსპორტის ეჭვის გამო, რუსეთმა შეაჩერა ყვავილების იმპორტი ირანიდან
სომხური ვარდების განადგურების ისტორიის თითქმის პარალელურად, რომლებიც ბელარუსის გავლით გადაჰქონდათ, „როსსელხოზნადზორმა“ ირანიდან რუსეთში საექსპორტოდ განკუთვნილი ყვავილების სერტიფიცირებაც შეაჩერა – ასევე სომხეთიდან რეექსპორტის ეჭვის გამო.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წელს ირანიდან ყვავილების მიწოდების მოცულობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
ამასთან, „როსსელხოზნადზორის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტიორ ქვეყნად ირანია მითითებული, პროდუქციის გარეგნული იერი და შეფუთვა იდენტურია იმ ყვავილებისა, რომლებიც ადრე სომხეთიდან იგზავნებოდა.
კონტექსტი
2026 წლის გაზაფხულის დასაწყისიდან რუსეთი მუდმივად აწესებს შეზღუდვებს სომხურ პროდუქტებზე.
თავიდან ეს შეზღუდვები ჯერმუკის მინერალურ წყალ “ჯერმუკს” შეეხო. შემდეგ კი ალკოჰოლური სასმელების სიას.
30 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა.
ამის შემდეგ, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების იმპორტის დროებითი აკრძალვა გამოაცხადა.