თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს ვკითხეთ, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რომელს მოინახულებდნენ და რატომ?
ასევე დავინტერესდით, ყოფილან თუ არა აქამდე რეგიონის რომელიმე ქვეყანაში. რატომ აირჩიეს ის კონკრეტული და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
პასუხები მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად თურქეთი ფიგურირებს, მისი მომხიბლავი სანაპიროების, ბოსფორის სრუტის გამო. თუმცა, ასევე ბევრი გვპასუხობს, რომ სიამოვნებით წავიდოდა სომხეთში, აზერბაიჯანში. ზოგი გასცდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და ცოტა შორეულ მეზობელ ქვეყნებსაც გვისახელებს.
თითქმის არავინ ახსენებს რუსეთს. სამაგიეროდ – რუსეთია თითქმის ყველა რესპონდენტის პასუხი კითხვაზე – რომელ მეზობელ ქვეყანაში არ იმოგზაურებდნენ.
ამ გამოკითხვით ვეცადეთ გაგვერკვია – რამდენად კარგად იცნობენ საქართველოში სამხრეთ კავკასიის და სხვა მეზობელ ქვეყნებს. რა აინტერესებთ ამ ქვეყნებში და რა სტერეოტიპები აქვთ.