მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, დღეიდან, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები უქმდება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა 10 აგვისტოს, მას შემდეგ შეიზღუდა, რაც სოფელ ლენჯერში 16 ადამიანს covid-19 დაუდგინდა. აიკრძალა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის მიმოსვლაც.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა, ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.
• NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
• აფხაზეთში, კორონავირუსის აფეთქებაა მას შემდეგ, რაც იქ რუსი ტურისტები ჩავიდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ოთხი მუნიციპალიტეტია საყურადღებო: მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1246 ადამიანს. გამოკვლეულთაგან 49 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.