მესამე რაუნდი დასრულდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მოილაპარაკეს
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში დღეს გაიმართა. თუმცა კონკრეტული შედეგი არც ამჯერადაა ცნობილი – მხარეები ისევ არ საუბრობენ მოლაპარაკების დეტალების შესახებ.
შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
________________
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
● სამი ქართველი ექსპერტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე
● პარლამენტის სხდომის პირველ დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძართან შეიკრიბება
__________________
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1-ელი ნოემბრიდან საუბრობს და ეს საკითხი ვადამდელი არჩევნებია.
პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო და რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა განსხვავებები ისევ რჩება:
“ჩვენ არ გვაქვს საუბრის დეტალების გამოტანის საშუალება. ამიტომ, თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გავცემ”, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია.
კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება პოზიციების ისე შეჯერება, რომ შესაძლებელი გახდეს შეთანხმება, მაგრამ განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხილავს.
მისი თქმით, გამორიცხულია პლებისციტიც.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი თქმით, “შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვს, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია”
“დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.