პარლამენტის სხდომის პირველ დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძართან შეიკრიბება
ახალი პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია პარალელურ ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.
ამ დოკუმენტით ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არ შევა პარლამენტში და შეინარჩუნებს ბოიკოტის რეჟიმს.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა ” ლელოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
დეკლარაციას ხელი მეტეხის ტაძართან მოეწერება და მასში ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას იმის დასტურად, რომ ოპოზიცია ერთიანია.
ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.
გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები?
“ლელოს” ოფისიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა კომენტარი გააკეთეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზეც.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის და სხვა საერთაშორისო ფასილიტატორების მონაწილეობით უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ შეხვედრებზე წყდება მთავარი საკითხი – შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია თუ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან ამბობს რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და გაზაფხულზე ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამის წინააღმდეგია.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მესამე რაუნდის მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, ხოლო შედგება თუ არა ის, ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თუ არ არის რეალური წინადადება ხელისუფლების მხრიდან – “ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება”.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს”, – აცხადებს გიგი უგულავა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილიც ასევე ამბობს, რომ მომდევნო რაუნდი დამოკიკდებულია ხელისუფლებაზე, რომელიც კონკრეტული წინადადებით უნდა მოვიდეს.
„გააჩნია რა წინადადებით მოვლენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ჯერ არის არის ჩამოყალიბებული იმ წინადადებაზე, რომელიც უნდა წარუდგინოს ოპოზიციას”, – ამბობს უდუმაშვილი.
მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც.
თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმებასთან ახლოს არის ყველა, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას “დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში”.
„ყველა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ იმ მიზნის გარშემო, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას: დავამარცხოთ ვირუსი და აღვადგინოთ ეკონომიკა. პოლიტიკაც ამ მიზანს უნდა მოემსახუროს, პარტიებიც და ახალი პარლამენტიც”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ახალი სისტემით – 120/30. ანუ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩიეს, 30 კი მაჟორიტარულით.
პირველ ტურში 13 მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, 17-ში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 48,22%“
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” — 27,18%
”ევროპული საქართველო” — 3,79%
“ლელო საქართველოსთვის” — 3,16%
“პატრიოტთა ალიანსი” — 3,14%
“სტრატეგია აღმაშენებელი” — 3,15%
“გირჩი” — 2,89%
“მოქალაქეები” — 1,33%
“ლეიბორისტული პარტია” — 1%