სოფელ მერეთთან რუსი სამხედროები გამოჩდნენ. თბილისი რუსეთს პროვოკაციასა და ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გამოჩნდნენ.
ამ ფაქტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ მერეთთან მიწის ნაწილს ბუჩქნარისგან წმენდენ. მერეთელები ეჭვობენ, რომ მალე იქ მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.
საქართველოს საგარეო უწყება: მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, რუსეთი კი სხვა ქვეყნების ოკუპირებას განაგრძობს
მერეთში რუსი სამხედროების გამოჩენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და უკანონო საზღვრებს ავლებს როგორც ცხინვალის მიმართულებით, ასევე აფხაზეთში.
“მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე,” – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, საკუთარ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს პანდემიის დროს ჰიბრიდული ომის წარმოებაშიც ადანაშაულებს. განცხადებაში წერია, რომ რუსეთის ფედერაცია პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას – რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
“რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის ერთი შეხედვით აბსურდული და კომიკური ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები, რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ რამდენიმე მიმართულებით გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები შემთხვევითი არ არის და მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას – კონფლიქტის ესკალაციისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით.