მეოთხე რაუნდი დასრულდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისევ ვერ მოილაპარაკეს
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეები, ელჩების თხოვნით, კვლავ არ საუბრობენ შეხვედრის დეტალებზე, თუმცა მათი კომენტარები დღეს უფრო მრავლისმომცველი იყო, ვიდრე გასული დღეების განმავლობაში.
_____________________
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
● პარლამენტის სხდომის პირველ დღეს, ოპოზიცია მეტეხის ტაძართან შეიკრიბება
● სამი ქართველი ექსპერტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე
______________________
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და არ შევლენ პარლამენტში.
მან ისაუბრა იმ პუნქტების შესახებაც, რომელზე მსჯელობაც მიმდინარეობს.
მისი თქმით, არის ოთხი ძირითადი საკითხი: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი.
“პირველ ორ საკითხზე ვართ დაშორებულები ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. ეს საკითხებია საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის რეფორმირება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კი უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს მისი პარტია პარლამენტში შესვლას აპირებდა.
არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს, რომ შევედი, უბრალოდ არის ტუტუცი
მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო ძალიან ცხარე კამათი, რაღაც საკითხებზე მოხდა შეთანხმება, რაღაცეებზე – ვერ.
“ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და ჭორები უარყო “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
მან აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით უტიფარი სპეკულაციები გავრცელდა და მისი პარტია თავისი გადაწყვეტილების ერთგული რჩება – ის პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს.
“პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ოპოზიციის გარეშე”, – ასეთია “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კომენტარი.
“ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ”, – ამბობს ნათელაშვილი.
კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მანდატების დათმობა ოპოზიციის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართული ოცნება” აამოქმედებს ე.წ. “საბოტაჟის” მუხლს და არ მისცემს მათ უფლებას, დატოვონ მანდატები.
“პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”, – აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რაზეც მიდის საუბარი ელჩების თანდასწრებით.
ხოლო არჩილ თალაკვაძის თქმით, არსებობს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მხარეებზე, რომ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ, მაგრამ ასეთი პრაქტიკა საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც არ არის მიღებული.