ქართული ოცნება მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებას გეგმავს. ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ხვალიდანვე” დაიწყებენ მუშაობას ახალი კანონის დასაინიცირებლად, რომლითაც “დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან”.
რა თქვა მამუკა მდინარაძემ
“დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს.
ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში, დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისათვის იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩარევის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური, როგორც ბრიტანული კანონმდებლობა. აქ ჩვენ, ყველა თქვენგანს, თუ სურვილი იქნება, ჩაგრთავთ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათი პასუხისმგებლობაა კანონმდებლობაში ხარვეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა.
“მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს. აქ საუბარია ამერიკული ფარას ასლის დაინიცირებაზე, ასევე შეეხება საკითხი მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც გაწერილი იქნება ობიექტურობის სტანდარტები, ასევე ეთიკური სტანდარტები, იქნება ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეს ყველაფერი, ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები…
ძალიან სწორად ითქვა ბრიფინგზე, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, თავსმოხვეული ხარვეზები და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ თავსმოხვეული ხარვეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება.” – განაცხადა კობახიძემ.