მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 112 000 ლარით დააჯარიმა
მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია “მთავარი არხი 112 000 ლარით დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, ტელევიზიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში “პოლიტიკური რეკლამა” ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მათი განმარტებით, “სირცხვილიას” მიერ მომზადებული ვიდეო “ოცნების” საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, პოლიტიკური რეკლამაა.
საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც “ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პორტრეტი.
“სირცხვილიაში” ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
“მთავარის” იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ. მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხნიაშვილმა კი სხდომაზე განაცხადა, რომ “მთავარი არხისთვის” აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა.
● ნიკა გვარამია: სუს-მა ჩემი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა
● “ფორმულას” დამფუძნებელს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში უჩივის
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
ნიკა გვარამია: არ ვაპირებთ თანხის გადახდას და გავასაჩივრებთ
არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება “მთავარის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა”.
“აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად, ანუ პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ვკითხულობ – რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ?! ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო?
მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს – ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ხვალიდან მთავარი არხი გაუშვებს კიდევ ერთ კლიპს სახელწოდებით: “იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს”.
“მთავარი ჯალათი არის კახა ბექაური, თავისი კორუფციული სქემებით, შემდეგი არის ვახტანგ აბაშიძე და მესამე არის ეკატერინე იმედაშვილი – ხვალიდან ჩვენთან გავა ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით კლიპი“, – ამბობს გვარამია.