"დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს" - ლავროვი საქართველოს მთავრობას აქებს
ლავროვი საქართველოს მთავრობას აქებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აქებს საქართველოს მთავრობას და ამბობს, რომ ქვეყანა “დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს”. ამის შესახებ ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც მოითხოვს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია.” – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის 10 პროცენტით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ.“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან და დასავლეთთან მიმართებაში აქებენ.
გასული წლის 25 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია გააანალიზა. მან თქვა, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამოქმედდა, რუსეთი საქართველოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მისი თქმით, მოიხსნა ქართულ საქონელზე დაწესებული ყველა შეზღუდვა და რუსეთში ქართული ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა.
რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო არ არის. კრემლის განმარტებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.
თებერვალში საქართველო არ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.