კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი (კვლავაც რეკორდული) შემთხვევა გამოვლინდა.
17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კოვიდ-რუკა
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 165 აჭარაში გამოვლინდა.
იმერეთი 27;
კახეთი – 6;
თბილისი – 43;
სამეგრელო- ზემო სვანეთი 6;
სამცხე-ჯავახეთი – 4;
ქვემო ქართლი- 3;
შიდა ქართლი – 2.
აჭარა – წითელი ზონა
აჭარიდანაა კვლავ ყველაზე მეტი ახალი კოვიდინფიცირებული.
დღეიდან აქ უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაციები – აღარ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გრაფიკით მუშაობენ კაფე-რესტორნები.
დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, სადაც 1 ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები სკოლაში სიარულს დაიწყებენ, აჭარაში სკოლები არც დამწყები კლასებისთვის არ გაიხსნება.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება აჭარაში არსებულ სიტუაციას. არის საკმარისი საწოლები გართულებული ავადმყოფებისთვის, ხოლო უსიმპტომოები ან საკარანტინო სივრცეებში, ან სახლში მკურნალობენ.
ჩაკეტილი სოფელი
ვითარება გამწვავდა დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში – გურიაში.
აქ ვირუსი აღმოაჩნდათ სოფელ ლაითურის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
ამ ეტაპზე სოფელი ჩაიკეტა. მოსახლეობას PCR ტესტირება უტარდება.
27-ე გარდაცვლილი
25 სექტემბერს დილით საქართველოში კორონავირუსით 27-ე ადამიანი გარდაიცვალა. ის ყველაზე ახალგაზრდაა საქართველოში კორონავირუსით დაღუპულებს შორის.
ინფიცირებული 54 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საავადმყოფოში იგი 20 სექტემბერს უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად – მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა და გულის უკმარისობა.