ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა დადასტურდა
კორონავირუსი საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 10 253 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7 503 ადამიანი.
18-25 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი და შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 13.81 პროცენტია. ამჟამად ქვეყანაში 11 144 აქტიური შემთხვევაა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების საფუძველი არაა და არც იქნება.
“მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კონკრეტული კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია და არის მინიმალურ ზღვარზე. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ არის:
“თუ აბსოლუტურ რიცხვებში შეიძლება შევადაროთ და არა ისე, რომ 5-ჯერ, 10-ჯერ და ასე შემდეგ გაიზარდა, თუ ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები გვქონდა 100, ახლა გვაქვს 500. ეს არის სულ. 3 700 000-იან ქვეყანაში.”
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო. შეზღუდვა მოხსნილია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 686 218 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 658 189 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 859.