ამირან გამყრელიძე: "მაიმუნის ყვავილი" არაა ისეთი გავრცელებადი. პანიკა უადგილოა
ამირან გამყრელიძე “მაიმუნის ყვავილი”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “მაიმუნის ყვავილი” არაა ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები და სწორედ ამიტომ, პანიკის საფუძველი არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამირან გამყრელიძე ჯანმოს გადაწყვეტილების შესახებ ამბობს, რომ ეს არაა საგანგებო მდგომარეობა, “ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა”, რომელიც ჯანმომ დიდი დისკუსიის შემდეგ მიიღო. მისი თქმით ეს არა პანდემია, არამედ გარკვეულ ჯგუფებში კონცენტრირებული ეპიდემიაა. თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნები მისი დიაგნოსტირებისა და ზედამხედველობისთვის მზად უნდა იყვნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველო ინფიცირების შემთხვევების ამოცნობისა და მკურნალობისთვის მზადაა:
„დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ.”
გამყრელიძის თქმით, საქართველოში 21 დღეა ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ანუ ვირუსი არ გავრცელებულა, ინფიცირებული 1 ადამიანი კი უკვე განიკურნა.
საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის ერთადერთი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა.
რა არის “მაიმუნის ყვავილი“
“მაიმუნის ყვავილი” ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
“მაიმუნის ყვავილი” გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს და ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია “მაიმუნის ყვავილის” შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია შემდეგია:
შესაძლო შემთხვევა – ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე.
სავარაუდო შემთხვევა – რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა – კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნეში ინტენსიური ვაქცინაციის პერიოდში “მაიმუნის ყვავილის” აფეთქებები იშვიათი, იზოლირებული და ხანმოკლე იყო.