აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 ადამიანის ცხედრები ერთმანეთში აერიათ
აზერბაიჯანში სკანდალი მოჰყვა კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრების არევას. 12 შემთხვევაში, დაღუპულთა ცხედარი ნათესავებს არასწორად გაუგზავნეს. ნათესავებმა იეჭვეს, რომ რაღაც წესრიგში არ იყო.
- მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა – საქართველო მე-9 ადგილი, სომხეთი – მე-11, აზერბაიჯანი – 65-ე
- ბოლო ორ კვირაში ბრიტანეთიდან შემოსული მოქალაქეები 12-დღიან კარანტინს გაივლიან
მომხდარის გამო, ჟურნალისტმა ჰამიდ ჰამიდოვმა მწვავედ გააკრიტიკა აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანება (TƏBİB).
„დილით შოკისმომგვრელი ამბავი მომიყვნენ. ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს. მისი დედა განჯაშია. დაავადდა კორონავირუსით. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მიასვენეს დალუქული კუბოთი. უთხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეხსნათ, ისე დაეკრძალათ.
ნათესავებმა დაკრძალეს. რამდენიმე დღეში მიაქვთ ოფიციალური დოკუმენტები. ადამიანები იღებენ ამ საბუთებს და შოკში ვარდებიან. აღმოჩნდა, რომ ცხედარი აერიათ და მათ სრულიად სხვა ადამიანის ნეშტი მიუტანეს.
წავიდნენ ამოსათხრელად. დარწმუნდნენ, რომ მართლაც ასე მოხდა. დაიწყეს დედის ცხედრის ძებნა. აღმოჩნდა, რომ ის საერთოდ სხვა ადგილას დაკრძალეს და საბოლოოდ გაირკვა, რომ საერთო ჯამში, 12 ადამიანის ცხედარი აერიათ…
ბარდაში ამბობენ, რომ საერთოდ მამაკაცის ცხედარი მისცეს ქალის ნაცვლად. ნეშტი, რომელიც სხვა ოჯახმა დაიტირა და დაკრძალვაც მოასწრო. ეს TƏBİB-ის სირცხვილია. უბრალოდ, სირცხვილი, რომელზეც პასუხი უნდა აგონ“.
კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი ჩვენთან საავადმყოფოდან მოაქვთ – განმარტა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და პათოლოგიური ანატომიის გაერთიანების დირექტორმა, ადალიათ ჰასანოვმა. ბუნებრივია, ის სპეციალურ პაკეტშია შეხვეული და თან ახლავს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მისი თქმით, მორგში ცხედარს დეზინფექცია უტარდება, შემდეგ ასუფთავებენ და ჰერმეტულად ფუთავენ, ამის შემდეგ კი იყენებენ სუდარას.
„არევა მხოლოდ იმ დროს შეიძლება მოხდეს, თუკი გარდაცვლილი ჩვენთან სხვა ადამიანის საბუთებით შემოიყვანეს“, – თქვა მან.
დირექტორმა განმარტა, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების გამოსარიცხად, ახლა მისი განკარგულებით, თავდაპირველად ცხედარს აჩვენებენ ნათესავს, ატარებენ ამოცნობას, შემდეგ კი ატარებენ აუცილებელ პროცედურებს:
„და მხოლოდ შემდეგ ტარდება დეზინფექცია, ცხედარს ასუფთავებენ და ახლობლებს გადასცემენ. მსგავსი პრაქტიკა ბაქოში უკვე 20 დღეზე მეტია მოქმედებს“.
„ერთი მხრივ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა ნათესავებს გამომშვიდობების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მეორე მხრივ – არევის თავიდან ასაცილებლად, თუკი საავადმყოფოში შეცდომა დაუშვეს“, – განაცხადა ჰასანოვმა.