ბოლო ორ კვირაში ბრიტანეთიდან შემოსული მოქალაქეები 12-დღიან კარანტინს გაივლიან
ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამის მიზეზი კორონავირუსის ის ახალი შტამია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.
საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელის, ბერდია სიჭინავას თქმით, დიდი ბრიტანეთი აქამდეც არ შედიოდა იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის დასაშვები იყო საქართველოში შემოსვლა შესაბამისი პირობების გარეშე.
საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან ამ ეტაპზე არ აქვს.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, ეს გადაწყვეტილება ეხება “იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
_____________________
● კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში შემოვა
● მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბერს?
● როგორ გადაარჩინა თურქეთმა ტურიზმი, მაგრამ გააღრმავა ეპიდემია
_________________________
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. ბრიტანელი მეცნიერების თქმით, აღნიშნული შტამი ვითარებას მკვეთრად არ ცვლის და სავარაუდოდ, ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ეპიდემიოლოგების თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.
მათივე თქმით, მართალია, ჯერ კიდევ კვლევის ეტაპია, თუმცა კორონავირუსის უკვე არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით, ახალ შტამსაც გაუმკლავდება.
დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, ასევე თურქეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და ჩილემ.