"ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანეთ ცოლადო" - კობახიძე მარგველაშვილის წერილს ეხმაურება
კობახიძე მარგველაშვილის წერილს ეხმაურება
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა, წერია, რომ ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანეთ ცოლადო.
დღეს ყოფილმა პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა, ევროკავშირს წერილით მიმართეს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„წერილის შინაარსი შემდეგია: ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს გადასცა.
წერილს ხელს, ასევე, აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, მიმართვას არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, რატომ არ მოაწერეს ხელი წერილს, რომლითაც 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტები და პარლამენტის სპიკერები ევროპელ ლიდერებს მიმართავენ, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ამ დოკუმენტში წერია, თითქოს ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს სტატუსი, რაც მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ნაბიჯი არის ყალბი:
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანო იქნებ ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ.”
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ეს აქცია რამდენიმე დღით წინ უსწრებდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა 24 ივნისს უნდა მიიღოს. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ჟურნალისტები და მოქალაქეები, რომლებიც წლებია ესწრებიან და აშუქებენ თბილისში გამართულ აქციებს, აღნიშნავდნენ, რომ ამდენი ხალხი რუსთაველზე აქამდე არასოდეს უნახავთ. დამოუკიდებელი ვებ-გვერდის, “ნეტგაზეთის” გამოთვლით, აქციას მინიმუმ 120 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაქსიმუმ – 160 ათასი.