კელი დეგნანი: არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე
კელი დეგნანი საქართველოზე
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ არ აპირებს მოლაპარაკებებს საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე.
ელჩის თქმით:
● ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.
● სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე”.
● აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია და აშშ საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გააგრძელებს მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
● აშშ, ასევე, მტკიცედ რჩება ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დაკმაყოფილდება.
● NYT-მა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციის ახალი რუკა გამოაქვეყნა
● „მსოფლიომ დემოკრატია გადაიყვარა და დიქტატურისკენ გადაიხარა“ – რუსი ნობელიანტის სიტყვა
● საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მოუწოდებენ ევროკავშირს, აღიაროს მათი ევროპული პერსპექტივა
“კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთს უნდა მიეცეს უფლება, დაამყაროს გავლენის ექსკლუზიური სფერო მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში”, – ამბობს ელჩი.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ამ კვირის მაღალი დონის დიპლომატია ჟენევაში, რუს კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. დეგნანის თქმით, ამას მოჰყვება შეხვედრები ნატოში, ბრიუსელში და ეუთოში, და ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის.
აშშ-ს ელჩის თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია და ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე:
“ქართველები რუსეთს ძალიან კარგად იცნობენ. თქვენ იცით, როგორ ატრიალებს კრემლი სიმართლეს და ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს რა ხალხის დაბნევასა და გაყოფას. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს დაანგრია საქართველოს რესპუბლიკა, შეურაცხყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და სცადა ქართული ენის ჩახშობა.”
დეგნანის ხაზს უსვამს, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები. მათ შორის საქართველო, თუმცა აშშ ამას არ დაუშვებს.
“შტატებმა და ევროპამ ძალიან ბევრი იშრომა და დიდი მსხვერპლი გაიღო ამ 80-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ ნატოსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის წყალობით. საქართველო იყო და არის ძლიერი პარტნიორი ამ ძალისხმევაში და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კონსულტაციებს ამ გზის ყოველ ნაბიჯზე”, – აცხადებს ამერიკის ელჩი.
დეგნანის თქმით, კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. მისივე განმარტებით, შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის:
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“
● შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
● ნავალნი, უკრაინა, კიბერთავდასხმები – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა პირველი ოფიციალური შეხვედრისას