NYT-მა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრაციის ახალი რუკა გამოაქვეყნა
რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებთან
ამერიკულმა გამოცემამ The New York Times უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიისა და ტექნიკის სავარაუდო მდებარეობის ინტერაქტიური რუკა გამოაქვეყნა. როგორც უკრაინული ტელეკომპანია Hromadske ამერიკული გამოცემის მასალაზე დაყრდნობით იუწყება, რუკა შედგენილია სატელიტური სურათების, დაზვერვის მონაცემებისა და დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსების დასკვნების საფუძველზე.
გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინას სამი მხრიდან აქცევენ ალყაში.
უკრაინელი და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის საზღვარზე 100 000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ვარაუდით, რუსეთმა შეტევითი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც 175 ათასამდე ჯარისკაცის მონაწილეობას ითვალისწინებს. მზვერავები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი 2022 წლის იანვარ-თებერვალში შესაძლო აგრესიისთვის ემზადება.
მაგრამ, NYT-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, გადაწყვიტა თუ არა ვლადიმერ პუტინმა თავდასხმის განხორციელება. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი სამხედრო ოპერაციისთვის საჭირო მზადების გზაზეა.

რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებთან. The New York Times
რუკაზე ნაჩვენებია რუსული ჯარების ძირითადი კონცენტრაცია არტილერიით, ტანკებით და ა.შ. უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, უკონტროლო დონბასში რუსეთის მიერ კონტროლირებად 32 მებრძოლი ბოევიკი იმყოფება. ასევე, ოკუპირებულ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებთან, სავარაუდოდ, სულ მცირე 20 ათასი რუსი ჯარისკაცია.
- შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
- ნავალნი, უკრაინა, კიბერთავდასხმები – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა პირველი ოფიციალური შეხვედრისას
- სახელმწიფო ღალატის საქმე. შეტევა პრორუს პოლიტიკოსებზე უკრაინაში
რუკაზე ასევე ნაჩვენებია ჯარების ორი ჯგუფის კონცენტრაცია უკრაინის ჩრდილოეთში – უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის საზღვრების შეერთებაზე. გამოცემა წერს, რომ ამ ქვედანაყოფებმა საფრთხე შეიძლება კიევს შეუქმნან.
გარდა ამისა, რუსი სამხედროები განლაგებულნი არიან ოკუპირებულ ყირიმში, ასევე ვორონეჟის, ვოლგოგრადის და კორენევსკის მახლობლად.
რუსული შეტევის მოლოდინში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებოდა. დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვრებთან 92 ათასი რუსი სამხედროა განლაგებული.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაზე თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაციას ხელოვნურად შექმნილი ისტერია უწოდა. მისი ვარაუდით, სწორედ კიევს სურს საომარი მოქმედებების დაწყება ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
თუმცა, უკვე 18 დეკემბერს მოსკოვმა რიტორიკა შეცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ თუ დასავლეთი სერიოზულად არ მიიღებს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლებიც ითვალისწინებს უარს უკრაინის ნატო-ში შესვლაზე, მაშინ რუსეთი „სამხედრო-ტექნიკურ ალტერნატივას“ გამოიყენებს.