ჯანდაცვის სამინისტრო აგვისტოში პედაგოგების აცრაზე დაიწყებს მუშაობას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება, ხოლო აგვისტოს თვეში პედაგოგების ვაქცინაციაზე იმუშავებენ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერით” ვაქცინაცია 7 კლინიკის ნაცვლად 37 ჰოსპიტალურ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აქამდე “ფაიზერით” ვაქცინაცია მხოლოდ სამ დიდ ქალაქში იყო შესაძლებელი:
“ეს იქნება ჰოსპიტალური დაწესებულებები, სადაც ბრიგადები იმუშავებენ სულ მცირე 8 საათიანი რეჟიმით.”
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი “ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა ქვეყანაში 24 ივლისს უნდა შემოვიდეს. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, აცრაზე რეგისტრაციის დაწყების ზუსტ დროს ვაქცინის საქართველოში ჩამოტანისთანავე იტყვიან.
“როგორც კი დაჯდება თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში და გადმოიტვირთება ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საწყობში, უკვე გამოცხადდება რეგისტრაციის ზუსტი დრო”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოში შეზღუდვების დამატება, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ შეზღუდვების დამატება მოსალოდნელი არ არის:
“ვართ ეპიდემიის მართვის აქტიურ პროცესში. ვაქცინაცია არის დღეს ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ”.
___________________________________________________
● 2616 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 26 პაციენტი – საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღაში შედის
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
______________________________________________________
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ნელი ტემპით მიმდინარეობს. 23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.