ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოს საავადმყოფოებში ცოტა საწოლი დარჩა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზეა.
“საწოლფონდთან მიმართებაში უკვე გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად, თუმცა, რესურსი უკვე სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც არიან მთავარი ბუსტერები”, – ამბობს მინისტრი.
მისი განმარტებით 10 დღიან პერიოდში „დელტა“ შტამის არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა აღინიშნება:
“დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად 4 000-მდე ინფიცირებული გვყავს. ხშირად ვამბობთ, რომ „დელტა“ შტამს გააჩნია არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა. მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10 დღიანი პერიოდით გვაქვს ნახტომისებრი ზრდა“
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.
“მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ. არ დამვიწყებია”, – თქვა ტიკარაძემ.
___________________________________________________
● საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღაში შედის
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
______________________________________________________
6 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი. საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა 6 ათასს.
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.