ივანიშვილის უფლებადამცველი ფირმა შვეიცარიის პარლამენტს, პოლიტიკოსებს და საფინანსოს მიმართავს
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ფირმა
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ფირმა MKD-ის იურისტები ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით, აპირებენ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე ფინმა-ს – შვეიცარიის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს.
იურისტების განმარტებით, მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც Credit Suisse-თან დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ “ურთულესი მდგომარეობით”, რომელშიც საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა.
კერძოდ, როგორც უფლებადამცველი ფირმა აღნიშნავს, მათი ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული და მეტიც, მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე.
“ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროულად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, კრედიტ სუისთან საქმიან ურთიერთობაში შესვლას.” – ნათქვამია განცხადებაში.
იურისტები ასევე აღნიშნავენ, რომ საბანკო სტრუქტურაში შემავალი “ტრასტის” მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და “ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო”, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.
იურიდიული ფირმა MKD შვეიცარიულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკვე ერთი თვეა, რაც ფირმა მათ ივანიშვილის ფინანსურ დავაზე Credit Suisse-თან სტატიის დადებას უშედეგოდ სთავაზობს.
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს უკვე მეორედ უჩივის და ამჯერად პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს.
ამ ფაქტის გამო, ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ მმართველი პარტიის გულშემატკივრები. შვეიცარიული ბანკის უკან ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ხედავენ და ამბობენ, რომ მათ ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და ომში ჩათრევა უნდათ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შვეიცარიული ბანკის გარშემო ატეხილმა სკანდალმა და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა “ქართული ოცნების” ანტიამერიკული განწყობები კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ადასტურებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, საუბარია ასევე იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.
წერილში ივანიშვილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მას პრობლემები იმის გამო შეუქმნა, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში. აქვე ივანიშვილი მიანიშნებს, რომ შვეიცარული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას საზოგადოების საჭიროებისთვის გეგმავდა.