ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევში იყრის
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში, ნაძალადევში იყრის.
პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის კიდევ 6 ოლქში ეყოლება:
მერაბ ჭიქაშვილი – გლდანი
ნანა დევდარიანი – ვაკე
გურამ ნიკოლეიშვილი – სამგორში
კახა ძაგანია – საბურთალო
არჩილ ბენიძე – დიდუბე-ჩუღურეთი
მალხაზ თოფურია – მთაწმინდა-კრწანისი
პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ეყოლება აჭარაშიც:
ქობულეთში კენჭს იყრის ამირან ტაკიძე
ბათუმში – ზურაბ გაბაიძე
ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში – ზორბეგ ბერიძე.
“პატრიოტთა ალიანსი” პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური პარტიაა. ის ღიად ლობირებს რუსეთთან ურთიერთობის განახლებას და ჰომოფობიური და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.
• “გადმოგვცეს ხატი, ილოცეს და ამით ვიზიტი დასრულდა” – რას აკეთებდა ინაშვილი აფხაზეთში?
რუსული ინტერნეტგამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ რჩევებს და ფულს კრემლისგან იღებს.
გამოცემა ასახელებს თანხასაც. მათი ინფორმაციით, პარტია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასაფინანსებლად მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ერთპროცენტიანი იქნება: იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია პარლამენტში მოხვდეს, მან ამომრჩეველთა ხმების 1% უნდა მიიღოს, პოლიტიკური პარტიების ბლოკმა კი ამომრჩეველთა ხმების იმდენი 1%, რამდენი პარტიაც არის მასში გაერთიანებული: თუ ბლოკი 5 პარტიისგან შედგება, მაშინ მან პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა ხმების 5% უნდა მიიღოს.
გარდა ამისა, გაჩნდა ე. წ. “ჩამკეტი”. პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები დაუჭერს მხარს, ერთპარტიული მთავრობის დაკომპლექტების უფლება აღარ ექნება.