ირაკლი კობახიძის თქმით, მან სუს-ს მიაწოდა ინფორმაცია "რევოლუციური სცენარის" შესახებ
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, “რევოლუციური სცენარის” შესახებ გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც თავად კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-იდან მას დაუკავშირდნენ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც საუბარი ე.წ “რევოლუციურ სცენარს” უკავშირდებოდა. კობახიძეს თქმით, სწორედ ამ ინფორმაციით დაინტერესდა გამოძიება.
“დამიკავშირდნენ სუს-იდან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდება ე.წ რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე – ინფორმაციის შინაარსი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დამატებით მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ “გარკვეულ გეგმებზე”.
● არასამთავრობოები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება
კობახიძის თქმითვე, მან დაასახელა იმ ლიდერების ვინაობა, რომელებიც რევოლუციურ სცენარში იღებდნენ მონაწილეობას. მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდება სუს-ისთვის პრევენციულ ზომებს ემსახურება.
“ჩვენ დავასახელეთ მათ შორის ლიდერების გვარები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი მთავარი კრიმინალური დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და, მასთან ერთად, ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან კიდევ ერთხელ დავასახელებდი, მაგალითად დევი ჭანკვეტაძეს, მაგალითად დიმიტრი შაშკინს. იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
● რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?
არჩევნებამდე ორი დღით ადრე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოპოზიციური კანდიდატების სიები, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.
30 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციის შესახებ ფაქტების შესწავლა.
● გიორგი გახარია: ქუჩაში პოლიტიკური აქტივობა დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას