პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა
ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე
საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავ ვასილ მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებები წარუდგინა.
თუმცა, პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
რას ამბობს პროკურატურა
პროკურატურის განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს ეხება. ამავე ეპიზოდზე ბრალდებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მყოფი ბურჭულაძე ვასილ მხეიძესთან ერთად შეთანხმდა ბიზნესმენის დახმარებით სამინისტროს შესყიდვებიდან არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მიღებაზე.
პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა დასჭირდა. მხეიძემ, ბურჭულაძესთან შეთანხმებით, შესაბამისი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს შესთავაზა, შესყიდვები ისეთი ფორმით ჩატარებულიყო, რომელიც მასთან დაკავშირებულ კომპანიებს გამარჯვებას გარანტირებულად უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ ბიზნესმენს ხელშეკრულებების საერთო ღირებულების დაახლოებით 10 პროცენტის ნაღდი ფულის სახით გადახდა მოსთხოვეს.
უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა თავდაპირველად დანაშაულებრივ შეთანხმებაში მონაწილეობაზე უარი თქვა და უმაღლესი თანამდებობის პირებისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა. პროკურატურის ვერსიით, ღარიბაშვილმა შეთანხმებას მხარდაჭერა და გარანტია მისცა და სანაცვლოდ მატერიალური სარგებლის გადაცემაც მოითხოვა.
გამოძიების თანახმად, ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა ინვენტარის შესყიდვის პროცესში არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სამი საიდუმლო შესყიდვის შედეგად, ბურჭულაძესთან და მხეიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11.5 მილიონი ლარის რეალური ღირებულების მქონე საქონელი და მომსახურება 18.48 მილიონ ლარად მიაწოდეს.
უწყების განცხადებით, სხვაობამ სახელმწიფოსთვის 6,985,255 ლარის ქონებრივი ზიანი შეადგინა.
პროკურატურის ვერსიით, ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად მხეიძეს ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 1.9 მილიონი ლარი გადასცა. აქედან 400,000 ლარი მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 1.5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა.
ბურჭულაძემ, პროკურატურის ინფორმაციით, მიღებული თანხიდან 750,000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე 750,000 ლარი რამდენიმე ეტაპად ღარიბაშვილს გადასცა.
ბურჭულაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. მხეიძეს კი ბრალი ქრთამის აღებაში დახმარებისთვის წარედგინა. აღნიშნული დანაშაულებისთვის კანონი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. უწყების შუამდგომლობის თანახმად, ბურჭულაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 3 წელს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრება.
მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 1 წელსა და 2 თვეს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობითი იქნება. მას 100,000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრება.
პროკურატურის განცხადებით, ორივე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე უწყება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას მოითხოვს, რაც მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას გულისხმობს.
ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მათ შესაბამისი სასჯელები აქვთ განსაზღვრული.
ამჟამად ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი: ეს არის 2026 წლის 23 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე.