ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინამ ომი ვერ აიცილა. საქართველო სანქციებს არ უერთდება
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
“ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი, ჯარისკაცები. ომს არანაირი გამართლება არ აქვს, ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კიდევ რა თქვა პრემიერმა:
● მკაფიოდ ვაცხადებ, არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სანქციებში;
● ოპონენტების ამოცანაა იმ უბედურების განმეორება, რაც 2008-ში მათ ვერ აირიდეს;
● მავნებლობაა ის უსარგებლო ხმაური უკრაინის გარშემო, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ;
● ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება;
● მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს;
● უკრინაში ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემია. კარგად მოგეხსენებათ, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია, არა მხოლოდ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ლიდერებიც ვერ ჩადიან.
● LIVE: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – განახლებადი ინფორმაცია
● NGO-ები ითხოვენ პრორუსულ არხებს საქართველოში 3 თვით მაუწყებლობა შეეზღუდოთ
● თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ფოტო
გუშინ “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომას, რომელიც უკრაინის საკითხზე ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა მოიწვია, არ დაესწრებიან. დღეს კი მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში საერთოდ არ გამოჩენილან. მმართველი პარტიის დეპუტატმა გივი მიქანაძემ, რიგგარეშე სხდომის მოწვევას შოუ უწოდა.
უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს 41-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. მათ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი საქართველოს სერიოზული ფასი დაუჯდება. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახალი რეზოლუციის მიღება მოითხოვა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.