NGO-ები ითხოვენ პრორუსულ არხებს საქართველოში 3 თვით მაუწყებლობა შეეზღუდოთ
პრორუსული არხების მაუწყებლობა
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოში მოქმედი პრორუსული არხების მაუწყებლობა სამი თვით შეზღუდოს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია პუტინის მმართველობისას, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიული იდეოლოგიის და ამბიციების გამოძახილია, რომლის განხორციელებასაც საბჭოთა რუსული ტოტალიტარული სისტემის გამოცდილების გაცოცხლებით და მექანიზმების აღდგენით უზრუნველყოფს.
ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი კი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა, რომელიც უფრო გააძლიერებს მის სამიზნეებზე შეტევას იმ გზავნილებით, რომლებიც პუტინმა გაახმოვანა.
- LIVE: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – განახლებადი ინფორმაცია
- ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ითხოვს. პრეზიდენტი მოთხოვნას ხელს მოაწერს
საუბარია პუტინის გზავნილებზე, რომ – საბჭოთა კავშირი ეს ისტორიული რუსეთია, რომ „ისტორიულ რუსეთად“ მოაზრებულ სივრცეში არავის არ ჰქონია სახელმწიფოებრიობის ტრადიცია და რომ რუსეთის იდეა დასავლური სამყაროსთვის საფრთხეა და ისინი ესხმიან თავს რუსეთს, რომელიც თავს იცავს.
“რუსეთის მიერ დაწყებული ომისა და თანმდევი საინფორმაციო ომის ამ ახალ საფეხურზე გადასვლა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს.
სამწუხაროდ, წლების მანძილზე სახელმწიფო პოლიტიკის პასიურობის ფონზე, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და მის შემქმნელებს საქართველოში სასათბურე პირობები აქვთ და ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ, რაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის რუსეთს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე შეტევა უფრო მეტად გააძლიეროს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ გაავრცელა.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს საფრთხები და 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს.
გარდა ამისა, კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი განახლებული რეზოლუცია და აღმასრულებელ დონეზე გადაიდგას უკრაინის მხარდამჭერი ქმედითი ნაბიჯები.
განცხადებას ხელს აწერენ:
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია sovlab
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
Საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (GCJE)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი – MDF
2020 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო.
დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.