საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. გაძვირდა პროდუქტებიც
ინფლაცია საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.9% შეადგინა, შესაბამისად, ქვეყანაში გაძვირდა პროდუქტებიც: პური 32.4%-ით, კვერცხი და ყველი 20.8%-ით, ზეთი კი 19.8%-ით.
ეს ბოლო წლების ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია: 2012-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მაღალი 6 პროცენტიანი ინფლაცია 2017 წელს დაფიქსირდა, მაშინ როდესაც საწვავზე აქციზის საფასური გაორმაგდა. გასულ წელს საშუალოწლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 9.6-ს მიაღწია.
ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა სწორედ მაღალი ინფლაციის დონეა.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით 2022 წლის აგვისტოში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში:
- პური და პურპროდუქტები + 32.4%
- რძე, ყველი და კვერცხი + 20.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 20.3%
- ზეთი და ცხიმი + 19.8%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 18.7%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.6%
- თევზეული + 13.6%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.1%
- ხილი და ყურძენი + 2.5%;
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები 9.6%-ით შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება.
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი
კვების, ისე ღამის გასათევით მომსახურების ქვეჯგუფებზე.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში:
“30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.”
მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, წლის დასაწყისში ისინი აცხადებდნენ, რომ “არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.” ასევე, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.
საქართველოს მთავრობა კი გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.