საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა
გაზიარება
გაზიარება
ინფლაცია საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2% გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც გამოიწვია ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების მატება. ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირება და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
პური და პურპროდუქტები + 35%
ბოსტნეული და ბაღჩეული + 33.4%
ხილი და ყურძენი + 31.8%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24%
რძე, ყველი და კვერცხი + 19.5%
ყავა, ჩაი და კაკაო + 18%
თევზეული + 17.9%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 16%
ზეთი და ცხიმი + 14.9%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.3%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1%)
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 26.2%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში:
“30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.”
მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, წლის დასაწყისში ისინი აცხადებდნენ, რომ “არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.” ასევე, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.
საქართველოს მთავრობა კი გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.