ალიევმა საერთაშორისო შუამავლები და სომხეთი მკაცრად გააკრიტიკა
„დავეთანხმები პრეზიდენტ პუტინის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისტორიას დარჩა. სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა ვერანაირი როლი ვერ შეასრულა ამ კონფლიქტის დარეგულირებაში“, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 12 დეკემბერს, ბაქოში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ეუთოს მინსკის ჯგუფი – ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც 1992 წლიდან არის ფასილიტატორი ყარაბაღის კონფლიქტში. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან გერმანია, იტალია, ფინეთი, შვედეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თანათავმჯდომარეები საფრანგეთიდან და აშშ-დან, სტეფან ვისკონტინი და ენდრიუ შოფერი, რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში, მიხაილ ბოჩარნიკოვი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი, ანჯეი კასპშიკი.
ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის ზონაში რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან და „შედარებით მშვიდი ვითარებაა“.
მაგრამ, ამავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა „იტყობინებიან, რომ გუშინ, ან სომეხმა „ბოევიკებმა“, ან იმ ნარჩენებმა, რომელსაც ისინი „სომხეთის არმიას“ უწოდებენ, რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელეს. ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს“.
„მეჩვენება, რომ სომხეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს თავიდან. როგორ გამარჯვების აღლუმზე უკვე განვაცხადე (10 დეკემბერს, ბაქოში) – თუკი სომხური ფაშიზმი კიდევ ერთხელ წამოწევს თავს, ჩვენ ამ თავზე რკინის მუშტით დავაწვებით. ამჯერად მას ბოლომდე გავანადგურებთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
- ტომ დე ვაალის მოსაზრება: რატომ არის ყარაბაღში მშვიდობა არასაიმედო
- მოსაზრება: რა ელის ყარაბაღსა და სომხეთს?
- მოსაზრება: ყარაბაღში მოვლენათა განვითარების სამი სცენარი – ხედვა ბაქოდან
იმავე დღეს, 12 დეკემბერს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და შეხვედრის სხვა მონაწილეები სომხეთში გაემგზავრნენ.