„გმადლობ, ძვირფასო!“, - ბაქოელი ქალის აღიარება, რომელიც კარანტინში თავს კომფორტულად გრძნობს
აზერბაიჯანში სახლიდან გასვლა აკრძალეს: ზოგიერთი უფრო მხიარულადაა, ვიდრე ჩვეულებრივ დროს
ოფიციალური მონაცემებით, 2 აპრილის დილისთვის აზერბაიჯანში Covid-19-ით დაინფიცირების 359 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაინფიცირებულთაგან ხუთი გარდაიცვალა, ოცდაექვსი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში შემოღებულია გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი.
„28 მარტს დაბადების დღე მქონდა. და ყველა, ვინც მილოცავდა, აუცილებლად დასძენდა: ნუ მოიწყენ, მომავალ წელს, როგორც საჭიროა, ისე აღვნიშნავთ, უვირუსოდ და უკარანტინოდ. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ მიხარია კიდეც, რომ დაბადების დღე ამ ქოლერას დაემთხვა. ჩვეულებრივ, დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, სად წავიდე, როგორ აღვნიშნო, ვინ დავპატიჟო, არაფრის კეთება არ მინდა, „მაგრამ ხომ საჭიროა“, და ასე შემდეგ. კარანტინმა კი გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად მიიღო. გმადლობ, ძვირფასო“.
ბაქოელი ტარა აღიარებს, რომ კარანტინი უხარია კიდეც, და ამ პირობებში თავს სრულიად კომფორტულად გრძნობს. ხუმრობს, რომ შეუძლია ონლაინ ტრენინგი ჩაატაროს მათთვის, ვისაც სახლში ჯდომა არ შეუძლია.
„საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ, და ჯერ კიდევ მარტის დასაწყისიდან დისტანციურ მუშაობაზე გადაგვიყვანეს. მარტო ვცხოვრობ და გასართობად დიდად ბევრს არ დავდივარ. მეგობრებთან ერთად სამზარეულოში ჩაჯდომა უფრო მიყვარს, ვიდრე ხმაურიანი კაფეები. ანუ შინ დროს კარანტინამდეც ხშირად ვატარებდი, და თავი რაღაც არასწორად არ მიმაჩნდა. ანუ თითქოს მთელი მსოფლიო ერთობა, მე კი ვზივარ და საშინელებათა ფილმებს ვუყურებ. თითქოს, ვიდრე ტახტზე ვწევარ, ცხოვრება ჩემს მიღმა მიდის. ახლა კი მარტო არ ვარ, გესმის?
და კიდევ ერთი მომენტია. ადამიანებს არსად აღარ ეჩქარებათ, ფუსფუსი გაქრა, ბევრი დრო გაჩნდა, და ყველა უფრო კომუნიკაბელური, რბილი, ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანი გახდა. აი, ჩემს ერთ მეგობარ გოგონას, რომელთანაც 30 წელიწადია, ვმეგობრობ, და აქედან 25 წელიწადია, ის ისრაელში ცხოვრობს, შეიძლებოდა ჩემი დაბადების დღე საერთოდაც დავიწყებოდა, წელს კი ჩემთვის ინტერნეტით, შინ მოტანით ხილის თაიგული შეუკვეთა. სხვათა შორის, არის ამაში რაღაც აქ ყოფნის ეფექტი. და სხვა მეგობრები და ნაცნობებიც უფრო კომუნიკაბელურები და თბილები გახდნენ, თუნდაც ვირტუალურად. რაღაც სასწაულია.
მესმის, რომ ეს საშინლად ეგოისტურად ჟღერს. რომ ირგვლივ ასეთი საშინელება ტრიალებს, ადამიანები ავად არიან, კვდებიან, სამსახურს კარგავენ. მაგრამ, ტყუილის თქმა არ მინდა – მე ამ ქოლერის დროს თავს მყუდროდ ვგრძნობ. რასაკვირველია, მენატრება მოგზაურობა, ადამიანები და ბარისტას გემრიელი ყავა. და იმედი მაქვს, რომ მთელი ეს სიახლოვე და სითბო, რაც ადამიანებს შორის გაჩნდა, კარანტინთან ერთად არ დასრულდება“.