ვინ ისარგებლა თურქეთის პოლიტიკური კრიზისით ყველაზე მეტად: ოზელმა, ქილიჩდაროღლუმ თუ ერდოღანმა?
კრიზისი თურქეთის ოპოზიციურ პარტიაში
ანკარის რეგიონული სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებამ თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა, რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), ღრმა პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისში შეიყვანნა. სასამართლომ ბათილად ცნო 2023 წლის ნოემბერში ჩატარებული პარტიის 38-ე კონგრესი, რომლის შედეგადაც ოზგურ ოზელი პარტიის თავმჯდომარე გახდა და ქემალ ქილიჩდაროღლუ შეცვალა.
გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთის საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა, CHP-ის ანკარის შტაბ-ბინა რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების ცენტრად იქცა, ხოლო 24 მაისს პოლიცია შენობაში შევიდა.
Türkiye Cumhuriyeti’nin kurucu partisine, demokrasiye, millet iradesine, siyasal alana bu saldırıyı yapanlar ve aparatları er ya da geç millete hesap verecektir!
— Ali Mahir Başarır (@alimahir) May 24, 2026
Sonuna kadar mücadele edeceğiz! pic.twitter.com/GQAbzsEcCO
სასამართლომ CHP-ის ბოლო ორი კონგრესი ბათილად ცნო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 4-5 ნოემბრის კონგრესი “სრულიად ბათილად“ გამოცხადდა. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2025 წლის 6 აპრილს ჩატარებული რიგგარეშე ყრილობის შედეგებიც, რომელზეც ოზგურ ოზელი ხელახლა აირჩიეს თავმჯდომარედ.
სასამართლომ დაადგინა, რომ 38-ე კონგრესის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ძალადაკარგულია. შედეგად, ოზელი, პარტიის საბჭო და უმაღლესი სადისციპლინო ორგანოს წევრები დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობებს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუ და ძველი ხელმძღვანელობა დროებით აღადგინეს.
გადაწყვეტილება შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.
ბაზრების რეაქცია და პოლიტიკური შოკი
განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კრიზისი შეეხო პარტიას, რომელმაც 2024 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ხმების 37.77 პროცენტი მიიღო და ქვეყნის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალა გახდა.
21 მაისს თურქეთის მთავარი საფონდო ინდექსი BIST 100 ექვს პროცენტზე მეტით დაეცა, ხოლო საბანკო ინდექსმა რვა პროცენტი დაკარგა. ვაჭრობა დროებით შეჩერდა.
კრიზისი უკვე მხოლოდ პარტიულ დაპირისპირება აღარ იყო და პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკისთვის რისკის ნიშნები გაჩნდა.
დავის სათავე 2023 წლის კონგრესი გახდა
კრიზისი სათავეს CHP-ის 2023 წლის კონგრესიდან იღებს, სადაც ოზგურ ოზელმა ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა და პარტიის 13-წლიანი ხელმძღვანელობა დაასრულა.
ამის შემდეგ, პარტიის ყოფილმა წევრებმა და დელეგატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი აცხადებდნენ, რომ კონგრესზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს, დელეგატებზე ზეწოლას და ხმებით მანიპულირებას.
2025 წლის ივნისში 12 პირს სისხლის სამართლის საქმეშიც წაუყენეს ბრალი “ხმების მანიპულირების“ საქმეზე. საქმის მასალებში ქილიჩდაროღლუ “დაზარალებულად“ არის მოხსენიებული.
ოზგურ ოზელის გუნდმა 2025 წლის აპრილში რიგგარეშე ყრილობა სწორედ იმისთვის მოიწვია, რომ პარტიაზე გარე ადმინისტრატორის შესაძლო დანიშვნა აეცილებინა თავიდან.
“მუთლაკ ბუტლანი“ სამართლებრივი დავის საგნად იქცა
სასამართლომ გადაწყვეტილება თურქეთის ვალდებულებათა კოდექსის 27-ე მუხლზე დააფუძნა და განაცხადა, რომ კონგრესზე დელეგატების ნებაზე გავლენა მატერიალური სარგებლისა და დაპირებების გზით ხდებოდა.
თუმცა, იურიდიულ წრეებში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დავები საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს და არა სამოქალაქო სასამართლოებში.
იურისტების ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ყოფილი თავმჯდომარის სასამართლოს გზით დაბრუნება პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
Mahkemenin mutlak butlan kararı sonrasında CHP Genel Merkezi’nin tahliyesi için polisin genel merkeze girdiği anlar pic.twitter.com/JKoYu7z4u7
— ANKA Haber Ajansı (@ankahabera) May 25, 2026
CHP-ში ლეგიტიმაციის ორი ცენტრი ჩამოყალიბდა
ოზგურ ოზელმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უარყო და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობიდან წასვლა მხოლოდ პარტიის დელეგატებს შეუძლიათ.
პარტიის მხარდამჭერები ანკარის შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ და ღამისთევა დაიწყეს. ოზელმა სასამართლოს გადაწყვეტილებას “პოლიტიკაში სასამართლოს მეშვეობით ჩარევა“ უწოდა.
23 მაისს CHP-ის საპარლამენტო ფრაქციამ ოზელი კვლავ აირჩია პარლამენტში ფრაქციის ლიდერად. მან 95 ხმა მიიღო, ხოლო დამატებით 15 დეპუტატმა მხარდაჭერა დისტანციურად დაადასტურა.
ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება განხეთქილების მიზეზი კი არა, პარტიის გაერთიანების შესაძლებლობა უნდა გამხდარიყო. მოგვიანებით მან ოზელს ფრაქციის ლიდერად არჩევაც მიულოცა.
შედეგად, CHP-ში ორი პარალელური ლეგიტიმაცია ჩამოყალიბდა – ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული, მეორე კი დელეგატებისა და საპარლამენტო ფრაქციის მხარდაჭერაზე.
CHP'de 'mutlak butlan' kararı genel merkez binasının girişine asıldı. pic.twitter.com/cdU3rOYKPG
— Pusholder (@pusholder) May 25, 2026
ერდოღანისთვის ხელსაყრელი ვითარება
თურქეთის მმართველი პარტიისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის კრიზისი პოლიტიკურად ხელსაყრელ ვითარებად იქცა.
ოზგურ ოზელი 2024 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ კონკურენტად მიიჩნეოდა, რადგან CHP-მ ათწლეულების შემდეგ პირველად მოიპოვა საარჩევნო უპირატესობა.
ქილიჩდაროღლუ კი თურქეთის პოლიტიკაში ასოცირდება მრავალწლიანი ოპოზიციური ლიდერობით, რომლის განმავლობაში CHP-მ ეროვნული არჩევნების მოგება ვერ შეძლო.
მმართველი ბლოკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნა მიღებული და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ უნდა გადააბაროს.
Kemal Kılıçdaroğlu için genel merkez binası tahliye edildikten sonra genç bir CHP’li kadın, hem ağladı hem söylenen marşa eşlik etti pic.twitter.com/D4bmRkFMv0
— Ali Deniz Çakır (@alidenizcakir) May 25, 2026
პოლიცია CHP-ის შტაბ-ბინაში შევიდა
24 მაისს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. ქილიჩდაროღლუს ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, პოლიციამ CHP-ის შტაბ-ბინაში შესვლა დაიწყო.
ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ჟურნალისტები შენობიდან გაიყვანეს და ოფისს დაზიანებები მიაყენეს.
შენობის დატოვების შემდეგ ოზგურ ოზელმა მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო და განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებდნენ.
HAİN KEMAL ! pic.twitter.com/yxZXP9rK5n
— Tuğçe Çalık Karademir (@avtugcecalik) May 24, 2026
გადამწყვეტი სიტყვა უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის
ახლა მთავარი ყურადღება თურქეთის უზენაეს სასამართლოზეა გადატანილი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თუ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას გააუქმებს, ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობა სამართლებრივ ძალას დაიბრუნებს. თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, CHP-ისთვის ყველაზე რეალისტურ გამოსავლად ახალი კონგრესის ჩატარება განიხილება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია შესაძლოა ხანგრძლივი შიდა დაპირისპირების, პარალელური ლიდერობისა და ქუჩის პროტესტების ფაზაში შევიდეს: 2028 წლის არჩევნების წინა პერიოდში თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის ენერგია არა მთავრობასთან კონკურენციისკენ, არამედ შიდა ბრძოლისკენ იქნება მიმართული.
Özgür Özel "Hain Kemal" sloganları eşliğinde meclise yürüyor. pic.twitter.com/jPnnwnqoHU
— Ali Deniz Çakır (@alidenizcakir) May 24, 2026