ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში 13 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “გერმანელი დოქტორები თბილისიდან – როგორ ანგრევენ საქართველოში დემოკრატიას გერმანიაში ნასწავლი იურისტები”. სტატიის ავტორი ჟურნალისტი რაინარდ ვესერია.
“როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აპრილში ბერლინს ეწვია, ის გამართული გერმანულით საუბრობდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების განსაკუთრებულ ნაწილზე – 1990-იანებიდან ქართველი იურისტების გერმანიაში სისტემურ წვრთნაზე. “მეც და პარლამენტის სპიკერმა, იუსტიციის მინისტრმა, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მთავრობის ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა ისწავლა და უნივერსიტეტი დაასრულა გერმანიაში,” – თქვა კობახიძემ. “გერმანიაში ვისწავლეთ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და სახელმწიფოს სუვერენიტეტი უმაღლესი საბაზისო პრინციპებია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს დაცული
ეს სიტყვები არამხოლოდ დიპლომატიური ჟესტი, არამედ იყო კობახიძის წინააღმდეგობის ნაწილი გერმანიის კანცლერისადმი, რომელმაც ცხადად გააკრიტიკა “უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა რამდენიმე თვით ადრე”.
კობახიძემ და გერმანული დოქტორის ხარისხის მქონე პოლიტიკოსებმა, რომლებიც მან ჩამოთვალა, გადამწყვეტი როლი შეასრულეს კანონის მიღებაში, რომელიც აგვისტოდან ამოქმედდება. და მათ, როგორც კობახიძემ ბერლინში, არაერთხელ უხსენებიათ საკუთარი გერმანული განათლება სხვადასხვა გარემოებებში ამ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის არგუმენტად: მესიჯი იყო, რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა მათი მხრიდან, ვისაც ასეთი წარსული აქვს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელმა, ჰამბურგში დაფუძნებულმა აღმოსავლურ კანონთა ექსპერტმა, ოტო ლუხტეჰანდტმა აქამდე ცადა პროფესორთა ერთობლივი განცხადების ორგანიზება, მაგრამ მხოლოდ უარი მიიღო. საბოლოოდ, მან ღია წერილი დაწერა თავისი ყოფილი სტუდენტის მიმართ. დიუსელდორფელმა კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა, მარტინ მორლოკმა, ვისთანაც პრემიერმინისტრი კობახიძე მუშაობდა დისერტაციაზე, სახელად “პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება და მათი თავისუფლება”, FAZ-ს უთხრა, რომ ის ყოფილ დოქტორანტ სტუდენტებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან “ეს იქნებოდა პატერნალისტური”
ერთ-ერთმა პროფესორმა ლუხტერჰანდტისთვის უარის თქმა იმით გაამართლა, რომ მას ამ საკითხზე არასაკმარისი “სამეცნიერო ცოდნა” ჰქონდა. თუმცა, არასდროს ყოფილა შეუძლებელი საქართველოს კანონის შინაარსისა და მისი ეფექტების დეტალური ინფორმაციის მოპოვება.”