ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომის გამო მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
ალექსი პეტრიაშვილის დაკავება ტროტუარზე დგომისთვის
თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წწ) ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა ე.წ. ტროტუარის საქმეზე. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. პეტრიაშვილს ბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილს 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე დგომასა და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების “ხელოვნურად“ შეფერხებას ედავებოდა.
ყოფილი მინისტრის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი აბესაძე იცავდა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო განსხვავებულ სტანდარტს იყენებენ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
აბესაძემ განაცხადა, რომ სხვა შემთხვევებში ტროტუარზე ადამიანების შეკრება ან იქ დგომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ ხდება. მისი შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებიც “ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ.
ადვოკატის თქმით, კონკრეტულ შემთხვევაშიც ქვეითებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იყო და ტროტუარი სრულად გადაკეტილი არ ყოფილა.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბუკა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს და საქმეს პოლიტიკურ დევნად აღიქვამს.
“არცერთ შემთხვევაში მე თავს სამართალდამრღვევად არ მივიჩნევ, ამ სრულიად უგუნური, არალეგიტიმური კანონის გათვალისწინებითაც კი. სისტემას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს ადამიანი, ვისაც აქვს პროტესტის გამოხატვის სურვილი. არ მინდა ამის თქმა, რომ “გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში“, ბევრი მაქვს მეც გაკეთებული, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ გადაწყვეტილებას ჩემი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ“, – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 2 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს, ერთი საქმის სამართალწარმოება კი შეწყდა. ყველა გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
დავით პაპაშვილი – შეწყდა საქმის წარმოება. მას 2020 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.
ნათია ჭელიძე – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი – 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
სანდრო სეხნიაშვილი – სიტყვიერი გაფრთხილება – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.
კონტექსტი
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა “ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ – მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
მას შემდეგ “ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
აბსურდული კანონების კულმინაცია იყოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ” ტროტუარზე შეკრებაც აკრძალა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ტროტუარზე შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.