რა სჭირს დანიას "ქართული ოცნების" დასაწუნი? „ქართული ოცნების“ ახალი შეტევა ევროკავშირზე
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
ოპენჰაგენში პროპალესტინური აქციის დაშლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირზე ახალი შეტევის საბაბად გამოიყენა. ხელისუფლება დანიაში პოლიციის ქმედებას „ბრუტალურ ძალადობას“ უწოდებს და ამ შემთხვევას აჩვენებს როგორც მტკიცებულებას, რომ ევროკავშირი საკუთარ პრინციპებს შორდება. ამ კამპანიის პოლიტიკური შინაარსი უფრო ფართოა: თბილისი სულ უფრო მკაფიოდ ამზადებს არგუმენტს, რომ „ასეთ ევროკავშირში“ საქართველოს ადგილი არ არის.
რა მოხდა კოპენჰაგენში
13 მაისს კოპენჰაგენში პოლიციამ ძალა გამოიყენა პროპალესტინური აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია Maersk-ის ოფისის შესასვლელებს ბლოკავდნენ.
აქციის მონაწილეები კომპანიას ისრაელთან დაკავშირებული სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაში ადანაშაულებდნენ. დემონსტრაცია კერძო ტერიტორიაზე შესვლასა და შენობის ბლოკირებაში გადაიზარდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები ძირს მჯდომ დემონსტრანტებს ხელკეტებით ურტყამენ და ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. ადგილზე იყვნენ პოლიციის ძაღლებიც. ერთ-ერთ კადრში ძაღლი ყეფით უახლოვდება მიწაზე დავარდნილ დემონსტრანტს, თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში არ ჩანს, რომ ძაღლები ადამიანებს კბენენ ან სხეულის დაზიანებას აყენებენ.
ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა გადაჭარბებული ვერსიები, თითქოს ძაღლებმა ადამიანებს „ხორცები ამოგლიჯეს“ ან „შეჭამეს“. ასეთი მტკიცება ვიდეომასალით არ დასტურდება.
კოპენჰაგენის პოლიციამ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ხელკეტები გამოიყენა „მცირე ხნით“, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები კერძო ტერიტორიაზე შევიდნენ და პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.
„კონკრეტულ სიტუაციაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ხალხის გაყვანა და როდესაც ეს შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური ძალა… მაგრამ ეს ყოველთვის სპეციალური შეფასების შემდეგ ხდება“.
დანიური მედიის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს კერძო საკუთრებაში შეჭრის ბრალდებით. ისინი მალევე გაათავისუფლეს.
როგორ იქცა დანიის ამბავი თბილისის პოლიტიკურ თემად
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კოპენჰაგენის ინციდენტი არა როგორც კონკრეტული საპოლიციო ეპიზოდი, არამედ როგორც მთელი ევროკავშირის კრიზისის მაგალითი წარმოადგინა.
19 მაისს ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილი ღია წერილი წაიკითხა. წერილის ადრესატები იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
კობახიძემ განაცხადა:
„რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება“.
წერილში კობახიძე ევროკავშირის ხელმძღვანელებს ეკითხება:
„როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?“
ბრიუსელიდან ამ წერილზე საჯარო პასუხი არ ყოფილა.
თბილისის გზავნილი: ევროკავშირი ფასეულობებს შორდება
კობახიძის წერილი მხოლოდ დანიის პოლიციას არ ეხებოდა. ტექსტში კოპენჰაგენის ინციდენტი გამოყენებულია უფრო ფართო დასკვნისთვის: თითქოს ევროკავშირი აღარ იცავს იმ პრინციპებს, რომლებზეც შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის სახელით გაგზავნილ წერილში ევროკავშირი წარმოდგენილია როგორც გაერთიანება, რომელიც ღირებულებით კრიზისშია, ხოლო საქართველო – როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპულ პრინციპებს უკეთ იცავს.
ამ ხაზს კობახიძემ კიდევ უფრო მკაფიო ფორმა მისცა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში:
„თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ“.
„ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს“.
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ კრიტიკა კონკრეტული პოლიციური მოქმედების მიმართ. ეს არის პოლიტიკური ფორმულა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების იდეას ეჭვქვეშ აყენებს.
„ქართული ოცნების“ საერთო რიტორიკა
კოპენჰაგენის თემას სწრაფად აჰყვნენ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები.
არჩილ გორდულაძემ განაცხადა:
„ასეთი ბიუროკრატიის მართულ ევროკავშირში შესვლა ჩვენთვის უბრალოდ წარმოუდგენელია“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მხოლოდ სახელია ევროპული, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მონაწილეობას“.
პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც შეადარა:
„ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არ არის ევროკავშირი, ის არის უბრალოდ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი“.
ეს შედარება „ქართული ოცნებისთვის“ ახალი არ არის. ბოლო წლებში პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებს ხშირად აღწერენ როგორც ბიუროკრატიულ, იდეოლოგიზებულ და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ სტრუქტურებს.
დანიის მაგალითი ამ ნარატივში კარგად ჩაეწერა: კონკრეტული საპოლიციო ინციდენტი იქცა არგუმენტად მთელი ევროპული პროექტის წინააღმდეგ.
რა ხდება დანიაში, როცა პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დანიის პოლიცია არ აპირებს კოპენჰაგენის აქციის დაშლის გამოძიებას. ეს ფორმულირება პრობლემურია.
დანიაში პოლიციელების შესაძლო გადაცდომებს თავად პოლიცია არ იძიებს. ამისთვის არსებობს დამოუკიდებელი ორგანო – DUP, ანუ პოლიციის ქმედებებზე საჩივრების შემსწავლელი დამოუკიდებელი უწყება.
DUP 2012 წელს შეიქმნა და განიხილავს მოქალაქეების საჩივრებს პოლიციელების ქცევაზე, ძალის შესაძლო გადამეტებაზე, დისკრიმინაციაზე, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულებზე.
ამიტომ კითხვა არ არის მხოლოდ ის, გამოიყენა თუ არა პოლიციამ დანიაში ძალა. კითხვა ისიც არის, არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც ასეთ შემთხვევებს დამოუკიდებლად სწავლობს.
დანიაში ასეთი მექანიზმი არსებობს. საქართველოში კი სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობა ან სისუსტეა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით 2024 წლის ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციების დაშლისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ბრალდებების ფონზე.
ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასება
ექსპერტები და ოპოზიციური პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ კამპანიაში რამდენიმე მიზანს ხედავენ.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებას აჩვევს.
„[„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები] ცდილობენ შეაჩვიონ საქართველოს მოსახლეობა, რომ, ფაქტობრივად – აღარ იქნება [ევროკავშირში] ინტეგრაცია და რეალურად, ეს უნდა დაჰბრალდეს – ევროკავშირის ბიუროკრატიას, ხელმძღვანელებს, ევროპარლამენტარებს და კიდევ – „გლობალური ომის პარტიას“ ეძახიან თუ იმ რაღაც „დიპ სტეიტს“… აი, ამისთვის ამზადებენ საფუძველს ამ პროპაგანდით“.
მისი აზრით, კოპენჰაგენის შემთხვევა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი ეპიზოდი აღმოჩნდა, რადგან ის უკვე არსებულ ნარატივს ემსახურება.
„დანიაში იქნება თუ სხვაგან, არ არის სამოთხე დედამიწაზე და ვიღაცას რაღაც ყოველთვის შეიძლება შეეშალოს, მაგრამ იქ სასამართლო ფუნქციონირებს, საპარლამენტო კონტროლი არსებობს, იჭერენ იქ – ვინც მართლა დასაჭერია“.
ყოფილი დეპუტატი თეონა აქუბარდია კობახიძის წერილს „სამარცხვინოს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ საკუთარ რეპრესიულ პრაქტიკას ფარავს, მეორე მხრივ კი ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ განწყობას აძლიერებს.
„მათ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლების] დეზინფორმაცია-მანიპულაციას რამდენიმე შრე აქვს: ერთი მხრივ, ამით გადაფარვას აკეთებენ იმ სასტიკი მეთოდების, რასაც თავად იყენებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული და აქვეა ნარატივი, რომ – „ასეთი ევროკავშირი“ არ უნდათ“.
რატომ აიტაცა ეს თემა რუსულმა მედიამ
კოპენჰაგენის თემაზე „ქართული ოცნების“ განცხადებები აქტიურად გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო და პროსახელისუფლებო მედიამ.
რუსულმა გამოცემებმა ხაზი გაუსვეს კობახიძის ბრალდებებს ევროკავშირის „ფასეულობების კრიზისზე“, „ორმაგ სტანდარტებზე“ და ევროპის მიერ დემოკრატიული პრინციპების დაკარგვაზე.
ეს არ არის შემთხვევითი. მოსკოვის პროპაგანდისთვის დასავლეთის „დეგრადაციის“ თემა ცენტრალური ხაზია. როდესაც იგივე მესიჯს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება იმეორებს, ეს რუსეთის საინფორმაციო სივრცისთვის სასარგებლო მასალად იქცევა.
პარადოქსი აშკარაა: „ქართული ოცნება“ ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მაგრამ იშვიათად ან საერთოდ არ იყენებს ასეთივე მკაცრ ენას რუსეთის მიმართ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
ბექგრაუნდი: როგორ მივიდა თბილისი ამ წერტილამდე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წლიდან ფაქტობრივად გაყინულია.
ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შეაჩერა. თბილისმა ბრიუსელი შანტაჟში დაადანაშაულა.
2024 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ამის შემდეგ გაუარესდა ურთიერთობა ბრიუსელსა და თბილისს შორის. შეჩერდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინა თანამშრომლობის ნაწილი, შეჩერდა დახმარების პროგრამები, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
ამ ფონზე კოპენჰაგენის ინციდენტი ცალკე ამბავი აღარ არის. ის „ქართული ოცნების“ ფართო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი გახდა: ევროკავშირი წარმოაჩინოს არა როგორც საქართველოს საგარეო მიზანი, არამედ როგორც კრიზისში მყოფი გაერთიანება, რომლისგანაც თბილისს დისტანცირება შეუძლია.
ამ სტრატეგიის მთავარი პრობლემა ის არ არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პოლიციის ძალის გადამეტება შეუძლებელია. შესაძლებელია. პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნება“ ერთ კონკრეტულ შემთხვევას იყენებს არა ადამიანის უფლებების უნივერსალური დაცვისთვის, არამედ საკუთარი ანტიბრიუსელური ხაზის გასამართლებლად.
კოპენჰაგენში პოლიციის ქმედება შეიძლება გახდეს გამოძიებისა და საჯარო დისკუსიის საგანი. თბილისში კი იგივე შემთხვევა უკვე იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად – იმის სათქმელად, რომ ევროკავშირი აღარ არის ის ადგილი, სადაც საქართველო უნდა მიდიოდეს.
კომენტარი

ნიკა გვარამია, პარტია “ახალი”: ამ დილით ირაკლი კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას – შეაფასეთ კოპენჰაგენში დანიის პოლიციის ძალადობრივი ქმედებებიო.
ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი (ასეთი კი კობახიძეს უამრავი დაუგროვდა). არა, ეს საშიში ინდიკაციების შემცველი სიგიჟეა:
ამ მთავრობასთან დიალოგი არ იქნება, – ეს პასუხი მიიღეს ქოცებმა ბრიუსელიდან და, სავარაუდოდ, ელოდებიან მის ღიად და საჯაროდ გახმოვანებას ბრიუსელისგან. ამით განიმარტება ის აბსურდი, რომ თითქოს ფონ დერ ლაიენი არ არის ლეგიტიმური თანამოსაუბრე და ევროკავშირი მისგან განცალკევებით უნდა იქნას აღქმული („ევროკავშირი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ ხალხს ეკუთვნის”). მოკლედ, წერილი, პირველ რიგში, ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რათა საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეგვაგუოს.
საზოგადოების მარცხთან შეგუების ნაწილია გზავნილები უკვე ღრმად კონსერვატიული ჯგუფებისთვისაც: უარს გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თავად არ გვჭირდება ევროპა. „სქესობრივი იდენტობების შესუსტება”, „მიგრაცია”, „ისტორიული მეხსიერების დაკნინება” და მთელი ის ნარატივი, რომ დასავლეთი დაცემულია, ჩვენ კი ნამდვილი ევროპული ღირებულებების მცველები ვართ.
“ისინიც იგივეს აკეთებენ” ტიპის პარალელიზმის შექმნის მცდელობა: ჩვენ თუ ვძალადობთ, ისინიც ძალადობენ. საინტერესოა, ეს მხოლოდ წარსულ ძალადობებს ეხება, მიმდინარე დაჭერებს და პოლიტიკურ პატიმრობებს, თუ კიდევ აქვთ ქოცებს დაგეგმილი ძალადობრივი დარბევები და პოლიტიკური პატიმრობები? ამას მალე ვიხილავთ.
“სიმეტრიული” პასუხი დანიას, კობახიძის “პირადულის” ელემენტებით: ეს განცხადება მოჰყვა დანიის ოფიციალური პირების (მათ შორის, ევროპულ საქმეთა მინისტრის) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ მკაცრ კრიტიკას. ასევე, შეგახსენებთ, რომ შარშან კობახიძე თავად მონაწილეობდა დანიაში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე. თუმცა, დანიის საგარეო უწყებამ მაშინვე განმარტა, რომ ეს ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის ოფიციალურ, კრიტიკულ პოზიციას საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და ქოცების მთავრობა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და პირადად კობახიძე კიდევ – ძალიან უხერხულში.
შეჯამებისთვის: ცხადია, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი კობახიძის ამ ღია წერილს დაცინვის ღირს სიგიჟედ ჩათვლის, მაგრამ, სამწუხაროდ, სიგიჟე მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი უმძიმესი საფრთხეა: საქართველო ევროპის მიღმა რჩება.”

ეკა გიგაური, “საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი: “რა გააკეთა კობახიძემ დღევანდელი ბრიფინგით:
1. შექმნა კონკრეტული დღის წესრიგი — მაშინ, როცა ძალიან ბევრი კრიტიკული თემა ტრიალებს, საზოგადოებას ფოკუსი გადაატანინა მისთვის სასურველ მიმართულებაზე.
2. მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი მთავარი გზავნილი: თითქოს საქართველოს ევროკავშირი ერჩის, საქართველოში კი დემოკრატია აყვავებულია — ყველაფერი და ყველა დაცულია, ხალხი საუკეთესოდ ცხოვრობს, და მხოლოდ ევროპაა „შარზე“, რადგან ამ „უზარმაზარ წარმატებას“ ვერ ხედავს.
3. კვლავ გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ევროპა ინგრევა — იქ დესტაბილიზაციაა, ხალხს სცემენ და აპატიმრებენ, ეკონომიკა არასტაბილურია. ადრე გერმანია და შვედეთი იყვნენ „საფრთხის ქვეშ“, ახლა უკვე დანია დაემატა.
მოკლედ, გზავნილი მარტივია: დაფიქრდით, რა გირჩევნიათ — ქართული „სტაბილურობა“ თუ ევროპული „სიდუხჭირე და არასტაბილურობა“.
4. ხაზი გაუსვა საკუთარ მნიშვნელობას იმით, რომ წერილი მისწერა ევროპული ინსტიტუტების ლიდერებს. თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ მისი წერილი ევროპაში რეალურად არავის აინტერესებს — შეიძლება არც წაიკითხონ, ან მაქსიმუმ რომელიმე საშუალო რგოლის ოფიცრის დონეზე გაჩერდეს.
ევროპაში ძალიან კარგად იციან, რომ კობახიძე იქნება თუ სხვა გვარის ადამიანი — ეს ხალხი უბრალოდ შემსრულებლებია. სინამდვილეში, ბიძინაც კი ვერ წყვეტს ბევრ საკითხს რუსეთთან შეთანხმების გარეშე. და ის, რომ მის „თოჯინებს“ ხელს ართმევენ, არ ნიშნავს, რომ ვერ ხვდებიან ვინ ვინ არის.
5. გამოიყენა ტრიბუნა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხზეც. ხაზი გაუსვა ეკლესიასთან თანამშრომლობას, თქვა რომ პარტნიორები არიან და ხაზი გაუსვა, რომ ერთად წყვეტენ ამ საკუთხს. პასუხიმგებლობა იმათზეც გადაიტანა. მაგრამ ასევე გამოთქვა “წუხილი” იმაზე, რომ აქ შესაძლოა „სამედიცინო მაფიის გამდიდრებაზე“ იყოს საუბარი და „ხალხის ფული“ უნდა დაიცვას. თითქოს ამავე დროს „ოცნების“ ჩინოვნიკები ტენდერებით მილიარდებს არ აკეთებდნენ. მაშინ რატომღაც ხალხის ფულზე ნაკლებად ფიქრობს და მაფიოზებზე ხომ საერთოდ.
მოკლედ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ბრიფინგი იყო ასე არ არის. მათ აქვთ რამდენიმე გენერალური ხაზი:
1. ევროპამ თავად თქვა საქართველოზე უარი;
2. დაფიქრდით, გვინდა თუ არა ასეთი „არასტაბილური და გარყვნილი“ ევროპა;
3. ჩვენ და საპატრიარქო ერთად ვართ, გვაქვს კონსერვატიული დღის წესრიგი და ვიცავთ ქართულ ტრადიციებს. ვებრძვით კორუფციას აგერ ყოგილი პრემიერიც და მინისტრებიც დავიჭირეთ. წესრიგი გვაქვს ქვეყანაში!
ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ჩანს იმაში, რასაც ამბობენ და რა სიხშირით იმეორებენ. მერე რა, რომ იტყუებიან და საერთოდ არაფერია ქართული იმაში რასაც აკეთებენ. ცხადია არც ეკლესიას სცემენ პატივს და არც მრევლს. მთავარია, რომ მათი ყველა აქცენტი თანმიმდევრულია, რაც ქმნის განცდას, რომ ყველაფერი რაზეც საუბრობენ სიმართლეა. ამას აკეთებენ თავისი მომხრეების გასაგონად, მათი კონსოლიდაციის მიზნით და ქვეყნისთვის რეალურად მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან ყურადღების გადასატანად.”