პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
პანკისის ხეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, ოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარდა. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იყვნენ გაერთიანებული და უცხო ქვეყნიდან მითითებებს იღებდნენ.
სუს-ის განცხადებით, ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. “ჯამაათის“ შექმნას ცდილობდნენ და სხვა პირების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მიზნით ფარულ შეხვედრებს მართავდნენ. უწყების თანახმად, დაკავებულები ასევე ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ასევე ამოღებულია “ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, ორგანიზაციის სიმბოლიკის შემცველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებასა და იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას ეხება. აღნიშნული დანაშაულები 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
ზუსტად ერთი თვით ადრე, 2026 წლის 20 აპრილს, სუსმა განაცხადა, რომ ბათუმში ორი ადამიანი დააკავა “ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით. უწყების თანახმად, ისინიც “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები იყვნენ.
მათგან ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის (კონკრეტულად რომელი ქვეყნის, სუსს არ დაუსახელებია).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც 21 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა.
თუმცა ანგარიშში ასევე წერია, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია.
უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ, თუმცა “არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“.