ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაგა-ბაღებში: NCDC-ის ნოროვირუსის ვერსია და სპეციალისტების კითხვები
ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევის მიზეზად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ნოროვირუსს განიხილავს.
NCDC-ის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ დრომდე გრძელდება და საბოლოო შედეგების მიღების შემდეგ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
18 სექტემბერს, ერთ ღამეში ათობით ბავშვი საავადმყოფოებში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ნიშნებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
ნოროვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია და კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთებას, გასტროენტერიტს, იწვევს. ინფექცია ხშირად უეცრად იწყება. მისი ძირითადი სიმპტომებია ძლიერი ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები. შესაძლოა გამოვლინდეს დაბალი სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტეც.
სიმპტომები, როგორც წესი, ინფიცირებიდან 12-48 საათში ჩნდება. ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა რამდენიმე დღეში, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე, გამოჯანმრთელდება.
NCDC-ის რეკომენდაციით, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმში დაკარგული სითხის აღდგენა. ცენტრი ასევე ურჩევს პაციენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში თავი შეიკავონ რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვებისგან. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღონ.
ვირუსის გავრცელების შესამცირებლად მნიშვნელოვანია ხელების საპნით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში დაბანა და დაბინძურებული ზედაპირების სათანადოდ დამუშავება.
რა კითხვები აქვთ სპეციალისტებს?
ბავშვების ერთდროულად მოწამვლამ სპეციალისტების ნაწილში დამატებითი კითხვები გააჩინა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შემთხვევების მასშტაბი შესაძლოა საკვებთან დაკავშირებულ ინფექციაზე მიუთითებდეს. მისი თქმით, ნოროვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადადის, მათ შორის ფეკალურ-ორალური გზით და მისი გავრცელება დაბინძურებული ზედაპირების მეშვეობითაც არის შესაძლებელი.
ბუწაშვილის შეფასებით, თუ შემთხვევები მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით განვითარდა, ამ ეტაპზე უკვე მოსალოდნელი უნდა იყოს ინფიცირებული ბავშვების ოჯახის წევრებსა და სხვა ახლო კონტაქტებში.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა დადგინდეს, იყო თუ არა საერთო წყარო რომელიმე საკვები პროდუქტი და ვინ მონაწილეობდა ბაღებისთვის საკვების მომზადებასა და მიწოდებაში.
მისი თქმით, გამოსაკვლევია იმ კომპანიებისა და დაწესებულებების თანამშრომლებიც, რომლებიც ბაგა-ბაღებს საკვებით ამარაგებენ. ნოროვირუსის გამოვლენა განავალში ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია, რაც, ბუწაშვილის შეფასებით, ეპიდემიოლოგიური კვალის დადგენას ხელს უწყობს.
“ასევე დასადგენია, ხომ არ გამოიყენება სადმე კვლავ ის პროდუქტი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული ყოფილიყო და რამდენი ლაბორატორიული ნიმუში გამოიკვლიეს და მათგან რამდენში დადასტურდა ნოროვირუსი.” – ამბობს ბუწაშვილი.
NCDC-ის განცხადებას გამოეხმაურა ექიმი-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძეც. მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა განმარტონ, როგორ შეიძლებოდა ვირუსი ერთდროულად 22 ბაგა-ბაღში გავრცელებულიყო და რატომ გამოუვლინდა 100-ზე მეტ ბავშვს სიმპტომები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
ქავთარაძის მთავარი კითხვა სწორედ საერთო წყაროს ეხება: სხვადასხვა ბაღის ბავშვებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ, ამიტომ, მისი შეფასებით, დასადგენია, შეიძლებოდა თუ არა დაავადების გავრცელება საერთო საკვებ პროდუქტs ან მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემას გამოეწვია.
რა მოხდა
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის შვიდ საჯარო ბაღში, “ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით”, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში ათეულობით ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევა დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ. სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს აღენიშნებოდათ ცხელება, ზოგიერთ შემთხვევაში კი გულისრევა და ღებინება. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო. უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ კომპანიებში, რომლებიც ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება, როდესაც ამან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხე შექმნა.