"თაობათა სოლიდარობა“ და გადასახადებისთვის თავის არიდება: პენსიის თავისებურებები აფხაზეთში
პენსიები აფხაზეთში
აფხაზეთის 71 წლის მცხოვრებმა მარინა კაჩუბეევნამ ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საბუთები შეიტანა. მიზეზი მარტივია: რუსეთის პასპორტის არქონა მას რუსული პენსიის მიღების შესაძლებლობასაც ართმევს, რომელიც ადგილობრივ პირობებთან შედარებით საკმაოდ სოლიდური თანხაა.
აფხაზური პენსია, რომელიც ყველა საბაზისო და დამატებითი დანამატის გათვალისწინებით თვეში 6 000 რუბლს ($65) შეადგენს, ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, საკუთარი შემოსავალი რომ ჰქონდეს, ქალი იძულებულია მუშაობა გააგრძელოს.
„შვილები შესანიშნავი მყავს, ჩემი ვაჟი და რძალი არასდროს არაფერს მაკლებენ. შარშან, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო, წამლებისა და ექიმების ხარჯები მთლიანად მათ აიღეს საკუთარ თავზე.
მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა აფთიაქისთვის ან ელემენტარული პირადი საჭიროებებისთვის ფულის თხოვნა მიწევს, შინაგანად ყველაფერი მეკუმშება. არ მინდა, ტვირთად დავაწვე. 71 წლის ასაკში მინდა, დამოუკიდებელი დავრჩე და შვილებისთვის ფულის თხოვნის გარეშე თავად შევძლო შვილიშვილებისთვის პატარა საჩუქრების ყიდვაც კი“, – ამბობს მარინა კაჩუბეევნა.
სწორედ ახლობლებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქების სურვილია ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება გადაწყვიტა.
თაობათა სოლიდარობა და პენსიის რეალობა
მარინა კაჩუბეევნას ისტორია კარგად ასახავს აფხაზეთის სოციალური სფეროს სისტემურ პრობლემებს.
დღეს ასაკობრივ საბაზისო პენსიას, რომელიც 6 000 რუბლს შეადგენს, დაახლოებით 33 ათასი ადამიანი იღებს. როგორც აფხაზეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი დენის გულარია აღიარებს, ეს თანხა სასურველი მაჩვენებლისგან შორს არის და ამ თანხით ცხოვრება შეუძლებელია.
თუმცა გულარია მიუთითებს აფხაზურ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციულ სოციალურ მოდელზე, რომელიც ახლობლების მხარდაჭერას ეფუძნება.
„არსებობს ასეთი ცნება – თაობათა სოლიდარობა: შვილები მშობლებს უნდა ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, არიან პენსიონერები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ასეთი საზოგადოება გვაქვს, მეზობლები ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
ჩვენს მისამართით კრიტიკა მუდმივად ისმის, ამას ვისმენთ და გვესმის, მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა გაიტანონ“, – აცხადებს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, შიდა დანამატების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება:
„დანამატების მიმღებთა რაოდენობა უკვე 17 ათასს აჭარბებს და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენს ბევრ მოქალაქეს უკვე აღარ აქვს საკმარისი საბჭოთა სტაჟი რუსეთის სოციალური ფონდისგან პენსიის მისაღებად, ამიტომ ისინი მხოლოდ ჩვენს მიერ გაცემულ თანხებს მიიღებენ. მომავალში კი შევეცდებით, დამატებითი სახსრები მოვიძიოთ და პენსიების გაზრდის შესაძლებლობა შევქმნათ“.
41 ათასი დასაქმებული 50 ათას პენსიონერზე
პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის მთავარი დაბრკოლება აფხაზეთში ოფიციალურად დასაქმებულთა და პენსიებისა და დანამატების მიმღებთა რაოდენობას შორის არსებული დისბალანსია.
სტატისტიკის მიხედვით, 250-ათასიან აფხაზეთში 144 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს. მათგან ოფიციალურად დასაქმებული და სადაზღვევო შენატანების გადამხდელი დაახლოებით 40-41 ათასი ადამიანია. პენსიებისა და დანამატების მიმღებთა რაოდენობა კი დაახლოებით 51 ათასს შეადგენს.
„ასეთი თანაფარდობის პირობებში მაღალი პენსიები, პრინციპში, შეუძლებელია. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, მუშაობს, მაგრამ საპენსიო ფონდის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს“, – განმარტავს გულარია.
პრობლემას კიდევ უფრო ართულებს კომერციული საწარმოების მიერ სადაზღვევო შენატანების სრულად გადახდისგან თავის არიდება:
„სამწუხაროდ, ყველა არ უთითებს საკუთარ ხელფასს სრულად. კომერციულ ორგანიზაციებში მინიმალური ხელფასი ჩვენთან 20 ათასი რუბლია [$215]. მაგრამ თუ ადამიანი ამაზე მეტს იღებს, დამსაქმებელი და დასაქმებული ხშირად თანხმდებიან, რომ ოფიციალურად მხოლოდ მინიმალური ხელფასი აჩვენონ.
ადამიანები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ სადაზღვევო შენატანები სრულად შევიდეს. გაითვალისწინეთ, დღეს დასაქმებული იმ 40 ათასი ადამიანის შენატანები მთელი უფროსი თაობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“.
რეფორმები, ინკასო და პერსონიფიცირებული აღრიცხვა
ვითარების შესაცვლელად საპენსიო ფონდი პერსონიფიცირებულ აღრიცხვაზე გადასვლას და ფისკალური დისციპლინის გამკაცრებას გეგმავს.
„თანაბარი მიდგომა მათთვის წამგებიანია, ვინც შენატანებს კეთილსინდისიერად იხდის. გამოდის, ერთი რეალური ხელფასიდან იხდის შენატანს, მეორე კი მინიმალურ ხელფასს უთითებს, საბოლოოდ კი ორივე ერთნაირ პენსიას იღებს. ეს უსამართლოა.
როდესაც სადაზღვევო შენატანების პერსონიფიცირებულ აღრიცხვაზე გადავალთ, ეს მათთვის იქნება მომგებიანი, ვისაც აქტიურად მუშაობის პერსპექტივა აქვს: საბაზისო 6 ათას რუბლთან ერთად ისინი საკუთარ პირად ანგარიშზე დაგროვილი შენატანებიდან მნიშვნელოვან დამატებით თანხას მიიღებენ“, – ამბობს გულარია.
პარალელურად, ფონდი აქტიურად მუშაობს არაკეთილსინდისიერ დამსაქმებლებთან. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, უწყებას უფლება აქვს, გადასახდელების დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გასცეს საინკასო დავალება: საანგარიშსწორებო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბანკს შეუძლია თანხა გადამხდელის ანგარიშიდან მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ჩამოწეროს. 2025 წელს ამ გზით მათ 49 მილიონ 900 ათასი რუბლი [$537 ათასი] ამოიღეს.
ამასთან, საწარმოები ძველ დავალიანებებს საკუთარი ნებითაც ფარავენ.
„საჭიროა ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღება, რომლებიც გაამკაცრებს იმ ხელმძღვანელებისა და ბუღალტრების პასუხისმგებლობას, რომლებიც ანგარიშგებას დროულად არ წარადგენენ“, – მიიჩნევს გულარია.
ხელახალი რეგისტრაცია კონტროლისა და გამჭვირვალობისთვის
1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარე პენსიონერთა ხელახალი რეგისტრაცია წესრიგის დამყარების კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
„არის შემთხვევები, როდესაც ახლობლები პენსიონერის გარდაცვალების მოწმობას დროულად არ აფორმებენ და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებებს არ წარუდგენენ. შემოწმების შედეგად დაზოგილი თანხები მომავალში ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის დანამატების გასაზრდელად შეიქმნება“, – განმარტავს ჩინოვნიკი.
როგორც ჩანს, ბიზნესის ჩრდილიდან გამოყვანა, პერსონიფიცირებული აღრიცხვა და სადაზღვევო შენატანების კეთილსინდისიერად გადახდა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მარინა კაჩუბეევნას მსგავსმა პენსიონერებმა მშვიდად შეძლონ პენსიაზე გასვლა, თავი დაცულად იგრძნონ და შვილიშვილებისთვის საჩუქრების ყიდვაც შეძლონ ისე, რომ 71 წლის ასაკში მუშაობის გაგრძელება აღარ დასჭირდეთ.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას