აუდიტის სამსახური იკვლევს, მიიღო თუ არა პოლიტიკური სწავლების სკოლამ გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე
პოლიტიკური სწავლების სკოლის გრანტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფინანსური საქმიანობის შესწავლა დაიწყო. აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტის განცხადებით, მონიტორინგი უკავშირდება სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტს.
„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განუცხადეს აუდიტის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახით 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
რა მოხდა
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობაზე ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სკოლამ ბახმაროში სემინარი ევროპის საბჭოს დაფინანსებით ჩაატარა და ეჭვი გამოთქვა, რომ ღონისძიების დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მოხდა.
პაპუაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის სკოლის მხრიდან გრანტის მიღებაზე თანხმობისთვის არავის მიუმართავს, მაშინ როცა ევროპის საბჭოს მედიის ოფისმა განმარტა, რომ ბახმაროში ჩატარებული ღონისძიება გრანტი არ ყოფილა.
„აბა, რა იყო? – შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ უცხოური დაფინანსების ყველა ფორმას, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯებსაც, მთავრობის თანხმობა დასჭირდებოდა. პაპუაშვილის განმარტებით, საბოლოო ვერსიაში დიპლომატიური საქმიანობისთვის გამონაკლისი დარჩა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს გამონაკლისი კანონის გვერდის ავლისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.
პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ ბახმაროში გამართული სემინარის შემთხვევაში ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ოფისმა პირდაპირ გადაიხადა სასტუმროს, ტრანსპორტისა და კვების ხარჯები, ასევე ექსპერტებისა და მომხსენებლების ანაზღაურება.
„თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც შეთანხმებას მომსახურების ხელშეკრულება ეწოდება, თუმცა მისი შინაარსი რეალურად გრანტის გაცემას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, მისი განმარტებით, გარიგება გრანტად უნდა ჩაითვალოს.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ოფისმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, შესაძლოა კანონმდებლობის გადახედვის საკითხი დადგეს.
რას გულისხმობს ე.წ. გრანტების კანონი
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 4 მარტს დამტკიცდა, მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ განსაზღვრებას და მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, თუ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის იმ საქმიანობებში, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ან პოლიტიკური ძალის ინტერესებს უკავშირდება.
კანონი ასევე აძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას გრანტების გაცემასა და მიღებაზე. უცხოური იურიდიული პირის მიერ საქართველოში მოქმედი ფილიალის დაფინანსება მთავრობის თანხმობის გარეშე იწვევს სანქციებს – მათ შორის, ჯარიმას გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, გრანტების შესახებ კანონის დარღვევამ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს: სასჯელი მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პროცესსაც: პირებს, რომლებიც ძირითადად უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობენ, 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, რომლებიც ფორმალურად პარტიები არ არიან, თუმცა ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ამკაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კერძო კომპანიებისთვის, თუ ისინი საჯარო პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთვებიან.
ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე სადავო ნაწილად შეფასებულია სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ნორმები, რომლებიც “ექსტრემიზმის“ ცნებას აფართოებს. ახალი მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, მათ შორის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული სტრუქტურების შექმნისკენ, შესაძლოა დასჯადი გახდეს.
ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად განიხილება, რაც სასჯელის მინიმუმ ერთწლიანი გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, ასეთი ფორმულირებები ქმნის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ კანონი გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრისა და კრიტიკული აქტივობის წინააღმდეგ.