ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა
ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა
“რადიო თავისუფლება” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.
ერთობლივ განცხადებაში წერია:
“ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს.
უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით.”
აღსანიშნავია, არსებული ტექსტი შესაძლოა ცვლილებებს დაექვემდებაროს, თუმცა მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება.
გუშინვე გავრცელდა ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენეს და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი მიმართვა ქართველ ხალხს, სადაც დეპუტატები ამბობენ, რომ თუ ადრე საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე პოზიციებზე იდგა, ახლა ვითარება შეცვლილია და ის საკმაოდ მუქ ფერებში გამოიყურება.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველაფერი შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როცა ქართველ ხალხს მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ რას ირჩევს – ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილით და ქართული ოცნებით ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს.
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდებიან. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამივე ქვეყანამ ერთდროულად შეიტანა. ეს პროცესი უკრაინის ომმა დააჩქარა.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც და მათ ის უკვე შეავსეს კიდეც.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამბობს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.