ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ“ქართული ოცნება” ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ “მოქმედების კურსი” არ შეიცვლება.
“დღეს, ევროკავშირს და საქართველო შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება.” – წერია განცხადებაში.
ამასთან, “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს:
ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერია, მაგრამ არის ეს: ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტონ თავიანთი განზრახვები, შეცვალონ მოქმედების მიმდინარე კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და რომელიც დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში 24 ივნისს გაიმართა, ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესემა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არ განვითარდება.
ბორელის თქმით, კანონის მიღების გამო, შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გაიყინება მხარდაჭერა მთავრობისათვის და გადაიხედება ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზები.
ბორელმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს.