AlgorithmWatch: საქართველოს შსს სანქცირებულ რუსულ სახის ამომცნობ სისტემას იყენებს
გაზიარება
გაზიარება
სანქცირებული რუსული პროგრამა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების მონაწილეების იდენტიფიცირებისა და თვალთვალისთვის სანქცირებულ რუსულ კომპანია Papillon AO-ს მიერ შექმნილ სახის ამომცნობ პროგრამულ უზრუნველყოფას, Polyface-ს იყენებს, – ამის შესახებ საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა AlgorithmWatchწერს.
გამოცემის თანახმად, სისტემა რუსეთის იურისდიქციაში რჩება, რაც ზრდის რისკს, რომ საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრიულ მონაცემებზე წვდომა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს, მათ შორის ФСБ-ს ჰქონდეთ. ორგანიზაციის შეფასებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე სამოქალაქო აქტივისტებს.
AlgorithmWatch აღნიშნავს, რომ Papillon AO სანქცირებულია შვეიცარიის, უკრაინის, იაპონიისა და აშშ-ის მიერ. კომპანიის ტექნოლოგიებს, ძირითადად, რუსეთის სამართალდამცავი უწყებები და მოსკოვთან დაახლოებული სახელმწიფოები, მათ შორის ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ბელარუსი იყენებენ.
“რუსეთი, რომელიც ახლა საქართველოს სათვალთვალო ტექნოლოგიით ამარაგებს, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეიჭრა, რის შემდეგაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა,“ – წერს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, ბოლო 11 წლის განმავლობაში Polyface-ის სისტემა ხუთჯერ განახლდა, ხოლო 2024 წლის ოქტომბერში მას უვადო ლიცენზია მიენიჭა. 2018 წლის განახლების კონტრაქტი ითვალისწინებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორები უშუალოდ რუს სპეციალისტებს უნდა გადაემზადებინათ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტი კვლავ იმ ქვეყნის იურისდიქციაშია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს. მათი შეფასებით, Papillon AO, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რუსული კომპანია, რუსეთის კანონმდებლობით ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.
AlgorithmWatch-ის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის დასაწყისში შეიძინა პროგრამის უახლესი განახლება, Polyface 3.7.0.
სტატიის მიხედვით, აღნიშნული ვერსია ეფუძნება რუსული კომპანია 3DiVi-ს მიერ შემუშავებულ ალგორითმს. კომპანია ნოვოსიბირსკშია დაფუძნებული და რუსეთის სახელმწიფო ფონდის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. გამოცემა წერს, რომ პროგრამას შეუძლია მაღალი გარჩევადობით აღბეჭდოს მრავალათასიანი შეკრება დაბალი განათების პირობებშიც, ხოლო ადამიანის იდენტიფიცირება მაშინაც კი მოახდინოს, როდესაც მას ნიღაბი უკეთია ან სახე ნაწილობრივ დაფარული აქვს.
სატენდერო დოკუმენტებზე დაყრდნობით, AlgorithmWatch ასევე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემის ოპერატორების რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოხსნა. თუ 2025 წლამდე პლატფორმაზე ერთდროულად მაქსიმუმ 30 ოპერატორს შეეძლო მუშაობა, ახალი მოთხოვნით უწყებამ ოპერატორების ულიმიტო რაოდენობის ლიცენზია მოითხოვა, რაც, გამოცემის შეფასებით, მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე თვალთვალის შესაძლებლობების გაფართოებაზე მიუთითებს.