მოძრაობა „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციას მართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწყებული ერთობლივი კამპანია „ეს შენ გეხება“ უკანონო მოსმენებს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას აპროტესტებს და უკვე მომხდარი დანაშაულების, სწრაფ და სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
აქციის მონაწილეებმა შეკრება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ 13 საათზე დაიწყეს.
‘ისმინეთ ჩვენი ხმა, ნუ გვისმენთ’
‘მე არ მეხება სხვისი პირადი ცოხვრება, მაგრამ მეხება ის, რომ ჩემი რეაქციით აშინებენ’
‘უკანონო მოსმენები დაკანონდა’
– ამ შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის კანცელარიისკენ გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნაც აქვთ:
‘ეს შენ გეხებას’ წევრები იმ კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველებს უფლება აქვთ, კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს.
მეორე მოთხოვნაა ეფექტური გამოძიების წარმართვა და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მესამე კი – დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს, რომ დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მას, სამოქალაქო სექტორის გარდა, მსახიობები, მწერლები, მომღერლები, სპორტსმენები და უბრალო მოქალაქეები შეურთდნენ.
კამპანიის ფარგლებში აქცია, თბილისის გარდა, თელავში,ბათუმში, ზუგდიდსა და გორშიც გაიმართა.