დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" სიის პირველი ნომერი იქნება
დავით ბაქრაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება. ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში მაჟორიტარადაც იყაროს კენჭი. მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, შესაძლოა, ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც მიიღოს.
“არ გამოვრიცხავ, რომ, შეთანხმების შემთხვევაში, ვიყო თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი”, – განაცხადა ბაქრაძემ.
დიდი ალბათობით, მაჟორიტარად იყრის კენჭს ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. თუმცა, ბოკერია არ აკონკრეტებს, რომელ ოლქში განიხილავს საკუთარ კანდიდატურას.
ევროპული საქართველოს წევრი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ თბილისში მაჟორიტარობას არ აპირებს.
გაერთიანებული ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.
- რაზე შეთანხმდნენ 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება. რას ნიშნავს მოდელი 120/30?
- საქართველოში პოლიტიკა ბრუნდება. ისტორიული საარჩევნო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს
პარტია “ლელო” აპირებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში ძირითადად საკუთარი კანდიდატები წარადგინოს და საგამონაკლისო წესით, ოპოზიციასთან საერთო კანდიდატზე მხოლოდ რამდენიმე ოლქში შეთანხმდეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანობა შედგეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორში, გლდანსა და სამგორში წარადგინოს, 6 ოლქი კი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაუთმოს.