“დავეხმაროთ სომხეთს” - საქართველოს მოქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ
პეტიციის ავტორები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, სადაც ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების მხრივ მძიმე მდგომარეობაა – კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში 11 000-ს გადააჭარბა და გადატვირთული კლინიკების გამო საავადმყოფოში ბევრი ადამიანის გადაყვანა ვეღარ ხერხდება.
“ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად”, – წერია პეტიციაში.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. 4 მაისს კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ COVID-19-ით სომხეთში 176 ადიამინია გარდაცვლილი.
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის მხრივ არსებული „სიტუაცია უარესდება“ და არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, თუმცა, კლინიკების გადატვირთულობის გამო მათი ჰოსპიტალიზაცია დროულად ვერ ხერხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქართველ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, ისინი მზად არიან მეზობელ ქვეყანას დახმარება გაუწიონ.